ნინო ლაცაბიძე: რუსთავში უნიკალური მუნიციპალური ციფრული სივრცე გავხსენით, სადაც სმარტ ქალაქის კონცეფცია და ახალგაზრდების განათლების ახალი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანებული

რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, პირველად, ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე – თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბი გაიხსნა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე, სამ ძირითად მიმართულებას – მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას – სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრსა და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს.

რუსთავის ციფრული განვითარების სივრცის პრეზენტაცია, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად წარადგინა.

ლაცაბიძის თქმით, ეს სივრცე თავისი კონცეფციით, შენობით და ადგილმდებარეობით განსაკუთრებულია.

,,რუსთავში უნიკალური მუნიციპალური ციფრული სივრცე გავხსენით, სადაც სმარტ ქალაქის კონცეფცია და ახალგაზრდების განათლების ახალი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანებული. ეს სივრცე თავისი კონცეფციით, შენობით და ადგილმდებარეობით განსაკუთრებულია. მთავარი მიზანი, არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების განათლებას შევუწყოთ ხელი და მათ მაღალანაზღაურებადი პროფესია მივცეთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი, რაღა თქმა უნდა, არის მუნიციპალური სერვისების თანამედროვე კუთხით დანახვა, პროცესების გამარტივება და იმ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ქალაქის მართვას უფრო გაამარტივებს, უფრო ეფექტურსა და მოქალაქეებზე უფრო მორგებულს გახდის”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პრეზენტაციას, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,ქართული ოცნების” წევრები, რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შატაკიშვილის თქმით, ახალი სივრცე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან არის დაკავშირებული.

,,რუსთავში, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გავხსენით კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან არის დაკავშირებული. ეს რეფორმა სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტთან – სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების განვითარებასთან. აქ იქნება წარმოდგენილი, როგორც საგანმანათლებლო კურსები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, მუნიციპალური ჯგუფი ე.წ ,,ჭკვიანი ქალაქის – Smart City-ის კონცეფციაზე იმუშავებს”, – განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა.

მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია – Smart City პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და მუნიციპალურ სერვისებში ციფრული პლატფორმების დანერგვას, მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებას, ურბანულ მართვაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვითი პროცესების მონიტორინგს ისახავს მიზნად. მეორე ძირითადი მიმართულება, რომელიც რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში იმუშავებს, საგანმანათლებლოა. პროექტი, სრულფასოვან საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს და ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. განათლების პროგრამები ინტერაქციული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებს აერთიანებს. რუსთაველი ახალგაზრდები, მუნიციპალურ ციფრულ სივრცეში, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების, რობოტიკის, ვებ-დეველოპმენტის (Front-end და Back-end), გრაფიკული დიზაინის, UI/UX დიზაინის, IT სპეციალობის, IT პროექტების მენეჯმენტის საფუძვლებს შეისწავლიან. პროექტის მესამე მიმართულება, საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ინკლუზიური სამუშაო გარემოა შექმნილი. ხელმისაწვდომია სასწავლო დარბაზები, დასასვენებელი ზონა და ციფრული ბიბლიოთეკა. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე, ახალგაზრდების ძირითად ნაკადს, სექტემბრიდან მიიღებს. აგვისტოში, კი ტექნოლოგიურად აღჭურვილი ახალი სივრცე, მსურველებს, ქართულ ინოვაციურ ჰაბთან (Nebula AI Hub) ერთად, AI ტრენინგ კურსზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები