„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იმოქმედებს სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეზე და ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვასა და პროცესების ეფექტიან მართვას, ასევე საჯარო დაწესებულებებში სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, უტყუარ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის ამაღლებასა და ელექტრონული მმართველობის განვითარებას.
კანონპროექტი ყველა იმ პროცესსა და ურთიერთობას აწესრიგებს, რომლებიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში წარმოიშობა.