ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი რუმინელ კოლეგას, ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.

ასევე აღინიშნა გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა. ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები