ვახტანგ ძაბირაძე: ზურაბიშვილით დაინტერესება გაიზარდა არა მარტო ქვეყანაში, ოპოზიციაში, არამედ ჩვენს პარტნიორებშიც

“არა მგონია, რომ “ოცნება” ზურაბიშვილის იმპიჩმენტს შეძლებს. არც ის მგონია, ეს ძალიან უნდოდეთ”, – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ დღეს ზურაბიშვილის ნდობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით დასავლეთში.

“ვფიქრობ, უმთავრესი მიზანია პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრედიტირება, რომ კონსტიტუციის დამრღვევია და ა.შ. მისი დისკრედიტაცია კი, როგორც ჩანს, იმიტომ სურთ, რომ ზურაბიშვილით დაინტერესება გაიზარდა არა მარტო ქვეყანაში, ოპოზიციაში, არამედ ჩვენს პარტნიორებშიც. მას ევროპაში ბრწყინვალე ტურნე ჰქონდა და “ქართულ ოცნებას” არ მოსწონს მისი წარმატება. ცხადია, შესაძლოა იყოს სხვა მიზეზებიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთავარი ის არის, რომ მასში მეტოქეს ხედავენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმ პრობლემასაც აცნობიერებს, რომ მესამე ძალისთვის აუცილებელია ლიდერი და დიდი შანსია, ის ზურაბიშვილი გახდეს. ფაქტია, დღეს ზურაბიშვილის ნდობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით დასავლეთში და ესეც ემატება ამ ყველაფერს.

ასე რომ, იმპიჩმენტის მიზანი მისთვის რეპუტაციის შელახვა მგონია, თუნდაც ქვეყანაში. მეორე მიზანი მგონია, რომ სურთ მოსკოვს აჩვენონ, “ქართული ოცნება” რომ ყველაფერზე წამსვლელია და უნდა დასაჯონ პრეზიდენტი იმისთვის, რაც გააკეთა. არ არის გამორიცხული, კობახიძეს პრეზიდენტობა მართლაც სურდეს, მაგრამ ერთი წელი არც ისეთი დიდი დროა, რომ ვერ მოიცადოს, მოიცდის არჩევნებამდე და მერე გახდება პრეზიდენტი. რა, “ოცნება” არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს თუ ხმოსნებში უმრავლესობა არ ექნება? ამიტომ ეს შემოგდებული თემაა იმის დასაფარად, რაც პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კობახიძე უარს არ იტყოდა პრემიერობაზე, მაგრამ ამას გადაწყვეტს ერთი კაცი და არა პარლამენტი… მე მგონია, რომ “ოცნება” 2024 წლის არჩევნებს არ შეხვდება ღარიბაშვილის პრემიერობით და შესაძლოა არც კობახიძის პარტიული თავმჯდომარეობით. ყოველ შემთხვევაში, ის ფრთა, რომელსაც პირობითად შეიძლება კობახიძის ფრთა ვუწოდოთ, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში ასე სოლიდურად ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს “ოცნებისთვის” პრობლემატური იქნება. სხვა სიას, სხვა პრემიერს ველოდები მომავალი არჩევნებისთვის.

“ოცნება” თუ ამ შემადგენლობით გავიდა, კატასტროფა იქნება მათთვის და არა მგონია, ასე მოხდეს. ყველაზე დიდი შანსი ღარიბაშვილის ყიფიანით ჩანაცვლებაა. მგონი, საარჩევნო სიაშიც უფრო “ჯეოქეისის” ხალხი იქნება. ყიფიანი რომ ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, ეს არაფერს ნიშნავს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომ აღარ არის. იქნებ იმიტომ წავიდა, რომ პრემიერად მოვიდეს? დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის გამო საჭიროა უფრო მოქნილი პოლიტიკა, რომელსაც არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე არ და ვერ გაატარებენ, რადგან დასავლეთისთვის მისაღები არც ერთი არ არის. ამიტომ უნდა მოიძებნოს სანდო კაცი, რომელიც დასავლეთისადმი ლოიალურია. ასეთი ფიგურა კი “ოცნების” წრეში თუ პოლიტიკურ სპექტრში ყიფიანის გარდა სხვა არც მეგულება. თავად ყიფიანიც ხშირად ჩანს მედიაში სწორედ პროდასავლური მიმართულებით. მოკლედ, მისი პროდასავლური იმიჯის პიარი მიმდინარეობს და ეს აისახება ახალ პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არც ის არის გამორიცხული, თუ ახლავე გახდება პრემიერი და ისე მიიღებს მონაწილეობას. არა მგონია, რომ “ოცნება” ზურაბიშვილის იმპიჩმენტს შეძლებს. არც ის მგონია, ეს ძალიან უნდოდეთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტს გამოუცხადეს იმპიჩმენტი, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ მოვიდეს პოლიტიკაში. დღეს პოლიტიკურ სპექტრში ისეთი განლაგებაა, რომ მესამე სეგმენტი, “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარდა, ფაქტობრივად, ულიდეროა და ზურაბიშვილი შეიძლება ყველაზე მისაღები აღმოჩნდეს. ამასთან, ყველა ხედავს, რომ მას აქვს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა. იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყოს ხელი მესამე ძალის ჩამოყალიბებას, ეს კი არც “ოცნებას” აწყობს და არც “ნაცმოძრაობას”.

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე სცადა, 2005 წელს, საზოგადოების პროტესტის სათავეში ჩადგომა, თუმცა მაშინ გადაიფიქრა. ხომ გახსოვთ, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ გადააყენეს, რამდენი ხალხი შეიკრიბა იპოდრომზე, მაგრამ მაშინ მას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა არ ჰქონია. მეტიც, მხარდაჭერა სააკაშვილს ჰქონდა. დღეს ზურაბიშვილს ჩვენი პარტნიორების უპირობო მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ის ნამდვილად შეძლებს ძლიერი პოლიტიკური ჯგუფის შეკრებას. ეს კი “ქართულ ოცნებას” არ აწყობს… სცენარების განვითარების რამდენიმე ვარიანტია. ჯერ ერთი, ვფიქრობ, სტატუსს მოგვცემენ, ოღონდ იმ პირობით, რომ რაღაცები შევასრულოთ. თეორიულად შესაძლებელია სტატუსი ვერ მივიღოთ და მაშინ დგება საკითხი, ზურაბიშვილმა რა როლი შეიძლება ითამაშოს. არ გამოვრიცხავ, რომ თავად გადადგეს და სათავეში ჩაუდგეს მესამე ძალას. ამ შემთხვევაში ექნება საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ძალიან დიდი შანსია, ეს მესამე ძალა “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” ტოლფასი გახდეს. ცხადია, ამას კიდევ ბევრი რამ სჭირდება, თუნდაც პოლიტიკური პროგრამა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ მესამე ფლანგზე გაჩნდება წონიანი და დასავლეთისგან მხარდაჭერილი ლიდერი. ამიტომ მგონია, რომ თუკი სტატუსს არ მოგვცემენ, ამ სცენარით განვითარდება მოვლენები, მაგრამ აუცილებლად არჩევნებამდე მივა. დაახლოებით ისეთივე პროცესები იქნება, რაც “ოცნებას” ჰქონდა 2012 წლის არჩევნებისთვის. რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას, 1990-იანებში ორივე მხარეს ერთი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა და პროვოცირებაც მოხდა – აბა, დღემდე რატომ არ არის გამოძიებული, ვინ ისროლა და ა.შ.? ძალიან ბევრი კითხვაა და რომელიმე ხელისუფლებას წარსულში რეალური ჩახედვა რატომ არ სურს? თუმცა, მგონია, ეს მაინც გაცხადდება. უკრაინის გამარჯვების და რუსეთის, ასე ვთქვათ, მოდერნიზების შემთხვევაში გაიხსნება არქივები და ცნობილი გახდება, ვინ რა თამაშს თამაშობდა ამ 30 წლის განმავლობაში. რაც შეეხება “ვარდების რევოლუციას”, მაშინ შევარდნაძეს სჭირდებოდა გარანტიები და მიიღო რუსეთისგანაც და ამერიკისგანაც. სააკაშვილმაც მიიღო გარანტიები და ამიტომაც დათანხმდა არჩევნების წაგებას. ამიტომ ივანიშვილსაც გარანტიები დასჭირდება და არა მგონია, სისხლისღვრამდე მივიდეს საქმე. ამიტომაც არც დიდ დესტაბილიზაციას ველოდები და საბედნიეროდ, არც ამის ნიშნები ჩანს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ დაპირისპირების დროს საზოგადოება ორ ბანაკად იყო გაყოფილი, არსებობდა ხელისუფლება და ოპოზიცია, დღეს კი ასე არ არის – არ არის ორ ბანაკად გაყოფილი, ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ მესამე ბანაკზე, რომელსაც არც ერთი უნდა, არც მეორე. ამიტომაც რთულია სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, მიუხედავად იმისა, შესაძლოა მცდელობები იყოს. მოსახლეობის 80%-ს სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მზად არის ქუჩაში გამოსასვლელად, მით უმეტეს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავა. ამის საფრთხე არ არსებობს”,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები