„ეროსი კიწმარიშვილის საქმეში საეჭვო დეტალები იკვეთება“

    ეროსი კიწმარიშვილის საქმეში საეჭვო დეტალები იკვეთება, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამ კვირაში ჩატარდება თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენისთვის ეროსი კიწმარიშვილის მანქანის განმეორებითი დათვალიერება. რას ნიშნავს ეს და რა შედეგებს ელიან ამ საგამოძიებო მოქმედებისგან, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი საუბრობს. გამოცემა დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილისა და გარდაცვლილის ძამის, ზურა კიწმარიშვილის ინტერვიუსაც აქვეყნებს.
ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი:
– თვალით უხილავი ნაწილაკები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და მათ აღმოსაჩენად სპეცტექნიკა უნდა გამოიყენო. ეს საკითხი თავის დროზე დავსვით, პროკურატურამ დააკმაყოფილა და ოჯახს დაუკავშირდა, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა.
– ეს მოთხოვნა როდის დააყენეთ?
– თავის დროზე, როდესაც ავტოფარეხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაათვალიერა, ჩვენ მაშინ მონაწილეობა არ მიგვიღია, გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელმეორედ მომხდარიყო მისი დათვალიერება. პირველ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ სპეცტექნიკა, რომელიც იმ საკითხებს ამოწურავდა, რაც იმ ეტაპზე გვაინტერესებდა.
– რა საკითხებს გულისხმობთ?
– თუნდაც თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენას. ეს არის ბიოლოგიური გამონაყოფი, სისხლი, ქსოვილის ნაწილაკები და ა.შ.
– ანუ თქვენ გაინტერესებდათ, სხვა ადამიანის ბიოლოგიური გამონაყოფი აღმოჩნდებოდა თუ არა შემთხვევის ადგილზე?
– საერთოდ, აღმოჩნდებოდა თუ არა. ერთი სიტყვით, ამ დათვალიერებით იმ კითხვებზე პასუხები მივიღეთ, რაც იმ ეტაპზე გვქონდა. ამ პასუხების მიღების შემდეგ გაგვიჩნდა ახალი კითხვები და მოთხოვნა, რომ ავტომანქანაც დაგვეთვალიერებინა. ავტომანქანა რომ დავათვალიეროთ, გვჭირდება სხვა ექსპერტიზებისა და კვლევების დასკვნები, ვთქვათ. ვიზირება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. მაშინ ეს დასკვნა პროკურატურას არ ჰქონდა.
– რა ტიპის სპეცტექნიკა აღმოაჩენს თვალით უხილავ ნაწილაკებს?
– კრიმინალისტებს აქვთ ასეთი ტექნიკა, რომელიც აღმოაჩენს თვალით უხილავ კვალს, ან აღმოჩენილ კვალს იკვლევს. ერთი სიტყვით, ეს ტექნიკა გამოიყენება აღმოჩენილი კვალის ფიქსაციის, ამოღებისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით.
– რამე საეჭვო აღმოაჩინეთ და იმიტომ გადაწყვიტეთ ამ სპეცტექნიკის გამოყენება უკვე მანქანაში?
– ჩვენ გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები, რომლის ამოსახსნელად გვჭირდება მანქანის დათვალიერება.
მას შემდეგ, რაც ალტერნატიულმა ჯგუფმა ავტოფარეხი დაათვალიერა, საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ვერსია, რომ თითქოს მკვლელი შესაძლოა, უკანა სავარძელზე მჯდარიყო. რა გახდა ამ ვერსიის გავრცელების საფუძველი?
– არა, საკითხი ასე არ დამდგარა. თუ მკვლელი უკან იჯდა, გამოდის, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს? ჩვენ საკითხი ასე არ დაგვისვამს.
– ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, კონკრეტულად გვიპასუხოთ, რას ელოდებით მანქანის ხელმეორედ დათვალიერებისგან? რისთვის გჭირდებათ ეს?
– მე ამ თემაზე ვერ დავკონკრეტდები, რადგან, ეს რომ გავაჟღერო, თუ მკვლელობაა, მკვლელს მივცემ ინფორმაციას, თუ თვითმკვლელობაა – მაშინ მოვლენებს უნდა გავასწრო წინ. შესაბამისად, არასწორად მიმაჩნია ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა. დავუშვათ, მკვლელობაა: საუბარი იმაზე, რომ თითის ანაბეჭდები ამოვიდა, თუ არ ამოვიდა და სხვა მსგავს საკითხებზე, არასწორად მიმაჩნია, რადგან ამ შემთხვევაში ინფორმაციას აძლევ მკვლელს და აძლევ მანიპულირების საშუალებას.
– მანქანაში, სადაც სისხლი ისედაც იყო, რაში გჭირდებათ უხილავის ძებნა? თუ ფიქრობთ, რომ აღმოაჩენთ უცხო პირის უხილავ ბიოლოგიურ ნაწილაკებს?
– იქ სხვა გარემოებები დგინდება: გარდაცვლილის აღმოჩენის დროს მანქანის მდგომარეობა ისეთი იყო, როგორიც მის გარდაცვალებამდე?
– ანუ, ეს ექსპერტიზა გასცემს პასუხს, ხომ არ იყო რამე კვალი წაშლილი?
– ეს ექსპერტიზა გასცემს პასუხს, რა მდგომარეობაში იყო მანქანა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე და მისი აღმოჩენის შემდეგ. – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თქვენი მუშაობა ამ კუთხით დააზუსტებს, საქმე მკვლელობასთან გვაქვს თუ თვითმკვლელობასთან?
– საგამოძიებო მუშაობა მოიცავს ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს და მასთან ერთად სპეციალური ცოდნის გამოყენებას. საქმე რომელიმე ამ მიმართულებით იხსნება. ჩვენ ყველა ნივთიერ მტკიცებულებას ვსწავლობთ იმისთვის, რომ რაღაც დავადგინოთ, ან გამოვრიცხოთ.
– ამ ეტაპზე რამე გამორიცხეთ, ან დაადგინეთ?
– დანაშაულის გახსნისას მხოლოდ ერთი სახის ექსპერტიზა არ თამაშობს ძირითად როლს. ექსპერტიზების ერთობლიობა სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს და მერე უნდა დაიდოს სურათი.
– მოდით, მარტივად გკითხავთ: ავტოფარეხში უხილავი ნაწილაკების აღმოჩენის პროცესში რამე საეჭვო აღმოაჩინეთ?
– დათვალიერების დროს ამოიღეს რაღაც ნაჭერი. ის გადაიგზავნა ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, ჯერ არ ვიცით კვლევის პასუხი.
– ის ხომ საერთო და ღია ავტოფარეხია? იქ ნებისმიერი ნაჭერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამან რატომ გაგიჩინათ ეჭვი?
– საერთო და ღია ავტოფარეხი არის, მაგრამ იქ ნაჭრები მიმოფანტული არ არის. თანაც ეს ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანასთან ახლოს ეგდო.
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
– გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში ვიზირება უნდა გაკეთდეს. ვიზირება კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე არ კეთდება.
– გამოდის, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უკვე არის…
– როგორც ჩანს, ასეა.
– შეგიძლიათ, მკითხველს აუხსნათ, რა არის ვიზირება?
– ჩვენთვის ცნობილია, რა ადგილას იყო ტყვიის შემავალი და გამომავალი ხვრელი, ვიცით, შემთხვევის ადგილზე, რა ადგილას იქნა აღმოჩენილი ტყვია. გადამოწმდება საკუთარი ხელით, თუ ასე დაიწყო ტყვიამ მოძრაობა, განავითარებდა თუ არა იმ ტრაექტორიას, რაც სახეზეა. გადამოწმდება, ასეთი ტრაექტორიის შემთხვევაში მასრა აღმოჩნდებოდა თუ არა იმ ადგილას, სადაც ის აღმოჩენილ იქნა. ცნობილია, რა ფორმით იყო დაჭერილი იარაღი, როცა ტყვიამ მოძრაობა დაიწყო. პისტოლეტის ამ მდგომარეობაზე მიგვითითებდა ლულის ანაბეჭდი გარდაცვლილის საფეთქელზე. აი, ამ საწყისი პოზიციიდან იწყება კვლევა და ტრაექტორიის დადგენა.
– თუმცა, გვახსოვს, რომ დაისვა კითხვა, იყო კი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ტყვია ის ტყვია, რომელმაც გარდაცვლილის თავში გაიარა?..
– დიახ. ჩვენ რომ ვიცოდეთ, დეენემი აღმოჩნდა თუ არა ამ ტყვიაზე, მაშინ უკვე ბევრი რამ გვეცოდინებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ ვიცით. პასუხი ჯერ არ გვაქვს.
– უხილავის ექსპერტიზაში თქვენც მონაწილეობთ?
– მანქანის დათვალიერების დროს, მე ვნახე ყველაფერი, რაც ჩემი სპეციალობით მაინტერესებდა – სისხლის წვეთები, შხეფები, ნაჟღენთები, მათი განლაგება, ლოკალიზაცია და მათი დაცემის კუთხის განსაზღვრა. ახლა უკვე კრიმინალისტის სამუშაოა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია, რამე ხომ არ არის მანქანაში იმის გარდა, რაც თვალით ხილული იყო. თუმცა, თუ ოჯახი ჩათვლის, რომ ჩემი დასწრება იქ საჭიროა, რა თქმა უნდა, დავესწრები.

– თქვენ დაესწარით გვამის გაკვეთას და ბუნებრივია, გაქვთ თქვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე. იმ დროს, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს, თქვენი კვლევის საგანი ეს დასკვნა იქნება?
– ამ შემთხვევაში მიდგომა სხვა არის – ყველა ექსპერტიზა უნდა შეჯერდეს და მოზაიკასავით აიწყოს. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნას. ცალკე სასამართლო-სამედიცინო დასკვნას არ დავწერ, რადგან მე მხოლოდ დამსწრე ვიყავი გვამის გაკვეთის დროს და არა მონაწილე. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად აგვეღო ყველაფერი, რაც კი შეიძლება მერე საჭირო გამხდარიყო. ჩატარებულია იმდენი კვლევა, რამდენიც პრაქტიკულად არ ტარდება ხოლმე.
ზურა კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა:
– პირველ ეტაპზე ინფორმაცია გამოძიებისგან, ასე თუ ისე, არსებობდა. უკვე დიდი ხანია, არავინ აღარაფერს საუბრობს თქვენი ძმის გარდაცვალების მიზეზებზე. გაქვთ რამე ინფორმაცია გამოძიებისგან? – გამოძიება თავს იკავებს ამაზე საუბრისაგან. არც რაიმე დეტალსა თუ მიმდინარე პროცესებზე გვაყენებს საქმის კურსში. არის მხოლოდ მშრალი პასუხები – ვმუშაობთ, ვიძიებთ და როცა დასრულდება პასუხს მაშინ გეტყვით. რაც შეეხება პირველ ეტაპს, მაშინ უფრო მეტად საეჭვო გარემოებების გაცხადება ხდებოდა ჩემი თუ ჩვენი ალტერნატიული გამომძიებლების მხრიდან. ამის შემდგომ იყო პერიოდი, რომელიც ახლაც გრძელდება, როდესაც გამოძიება ადგენს ყველა გარემოებას, რათა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე იქნას საბოლოოდ ყველა პასუხი გაცემული. ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამისთვის. მეც ამ მოლოდინში ვარ. ამ ეტაპზე როგორ მუშაობს გამოძიება, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მიმაჩნია, რომ მათ სრული უფლება აქვთ, ყველაფერში არ ჩამახედონ… მეც არ ვუშლი ხელს. კი ბატონო, იმუშაონ. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი მხრიდან გამოძიებას დავხმარებოდი და მომავალშიც დავეხმარები. მაგრამ საბოლოოდ, დღეს იქნება თუ ხვალ, ეს დასკვნები უნდა დაიდოს , აბსოლუტურად ყველა კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი, რაც მეც მაინტერესებს, და რაც სამართლიან გამოძიებასაც უნდა აინტერესებდეს. ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება და ამ მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ, ველოდები გამოძიების დასასრულს.
– გამოდის, რომ მთავარ კითხვაზე პასუხთან – მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა? – ჯერჯერობით ახლოსაც არ ვართ?
– ჩემი შინაგანი რწმენით პირადად მე ამ კითხვაზე, პასუხთან, რა თქმა უნდა, ახლოს ვარ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების ობიექტურ და ეფექტურ შედეგს. ვფიქრობ, ისინი კეთილსინდისიერად შეასრულებენ ყველაფერს.
– რაკი უკვე ჯერი დგება ექსპერტიზების შეჯერებაზე, გამოდის, რომ გარკვეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მზად უნდა იყოს…
– დაახლოებით 18 ექსპერტიზაა ჩატარებული. რაღაცებზე დასკვნები უკვე არსებობს და რაღაცები კიდევ ემატება. ცალკეული დასკვნების გაგებას, აფიშირებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას, ვფიქრობ, აზრი არ აქვს. ყველა დასკვნამ თავი უნდა მოიყაროს და ამან უნდა გაამტკიცოს რეალური ვერსია იმის შესახებ, რა მოხდა.
– თუმცა, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ტყვიაზე დეენემის კვლევის შედეგი, ვინაიდან თავის დროზე ითქვა, რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნებოდა…
– შესაძლოა, ამ ეტაპისთვის ამაზე პასუხი გაცემულია, მაგრამ მე ბევრი ვიფიქრე ასეთ საკვანძო მომენტებზე: იქნებ დანაშაულის ჩადენის დროს კვალის არევის მიზნით ისე გაკეთდა ყველაფერი, რომ ასეთ საკვანძო საკითხებს თვითმკვლელობის სურათი წარმოეჩინა… ჩემი შინაგანი რწმენა მკარნახობს, რომ დამნაშავეს ჰქონდა მიზანი, ყველა დეტალი გაეთვალა თვითმკვლელობის დასადასტურებლად.
– თქვენი პასუხი მაფიქრებინებს, რომ დე-ენ-ემზე პასუხი უკვე არსებობს და ის თქვენი ძმისას ემთხვევა…
– გულწრფელად ვამბობ, ნამდვილად არ ვიცი. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მაგრამ გამოძიებამ თავი შეიკავა ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემისგან და მეც არანაირი ლეგიტიმაცია და რესურსი არ მაქვს, რომ ჩუმად და ძალადობრივად მოვიპოვო ეს ინფორმაცია. არც ვაქტიურობ ამ მიმართულებით. შესაძლოა, ამ ტყვიაზე იყოს ეროსის დეენემი, მაგრამ ეს ჩემთვის არ წარმოადგენს ამ საქმის გასაღებს. ამაზე რომ ვიმსჯელო და ჩავუღრმავდე, შეიძლება სულ ტყუილად ვნაყო წყალი. საქმეში ჩავრთეთ ადამიანები, რომელთაც საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ. საბოლოო პასუხი რომ დაიდება, მერე ისინი შეისწავლიან ყველა პუნქტს, შეადარებენ იმას, რაც მათ ნახეს და თუ შეუსაბამობები იქნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენც მოვამზადებთ ჩვენს პოზიციას და შევეცდებით, ჩიხში შესვლის ნაცვლად, ბოლომდე გავიდეთ.
– თქვენს ექსპერტებთან ერთად ავტოფარეხის დათვალიერების დროს რამე მნიშვნელოვანი აღმოაჩინეთ?
– მოდით, ბოლოს და ბოლოს, ეს საკითხი გავიაროთ და ვიცოდეთ, რომ ის, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, ვერ განხორციელდა: იმ ფართობის – კედლების, ასფალტის, გარეთა პერიმეტრის დათვალიერება გვინდოდა მძლავრი ხელსაწყოთი, რომელსაც მძლავრი სინათლის ნაკადი აქვს, მაგრამ ის აპარატურა, რომელიც მოიტანეს, საამისოდ არ გამოდგა ვარგისი. არ აღმოჩნდა ასეთი აპარატურა კრიმინალისტების არსენალში და ჩვენ იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპეციალური ხსნარით დამუშავებულიყო კონკრეტული ადგილები. ბუნებრივია, პატარა პულვიზატორით 300 და 400კვ/მ ფართობის დამუშავება გამორიცხულია. დაახლოებით 3-4კვ/მ ამ ხსნარით დავამუშავეთ და იქიდან მივიღეთ რაღაც შედეგი, რომელიც შემდგომში ანალიზისთვის და მსჯელობისთვის გამოდგება. მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგივე გაგვეკეთებინა მანქანაში. ერთი სიტყვით, ექსპერტიზები იმ კვირაში დამთავრდება. უამრავი ადამიანია დაკითხული, ზოგი რამდენჯერმეც კი. ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
– იმ ცნობილი ვიდეომასალის გარდა, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა?
– დიახ, საუბარია იმ კამერებიდან ამოღებულ მასალებზე, რომელიც იმ დროს, იმ გარემოში მუშაობდა. ეს არის აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებული კამერები, ფარეხის ჩასასვლელის მოპირდაპირედ არსებული კამერა, ასევე არის იარაღის მაღაზიის მიმდებარედ არსებული კამერიდან ამოღებული მასალები.
– რამე საეჭვო დაფიქსირდა?
– დაფიქსირდნენ ადამიანები, ვინც მოძრაობდა იქ, ვინც ავტოფარეხში იყო ჩასული… ახლა გამოძიების საქმეა, ვინ უნდა ამოიცნოს და რა გზებით. ეს მასალა არსებობს და სჭირდება პროფესიონალის მუშაობა. ამის გარდა, უამრავი მასალაა ამოღებული კომპიუტერიდან, პლანშეტიდან, ტელეფონებიდან, მათ შორის აღდგენილია უკვე წაშლილი მასალა. ასე რომ, უამრავი სამუშაოა. კი, მე მჯერა, რომ მოხდა მკვლელობა და იმისიც მჯერა, რომ ეს ჩადენილი იყო მაქსიმალური სიფრთხილით, შესწავლილი ექნებოდათ გარემოც, გადაადგილებებიც, დროც, მაგრამ ამის მიუხედავად, 21-ე საუკუნეა და უკვე მოლეკულების დონეზე შეიძლება კონკრეტული გარემოებების დადგენა. დანაშაულის ჩამდენი უჩინმაჩინი ვერ იქნებოდა. ასე რომ, რაღაც ძაფები აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, რომელიც მერე რეალურ სურათთან მიგვიყვანს.
– უკაცრავად, მაგრამ თუ ეს ასე არ არის?..
– გასაგებია, რომ არ არსებობს არც წინასწარ დაწერილი წერილი, არც ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს ეს ყველაფერი… ამ შემთხვევაში ყველა სხვა საშუალებით უნდა იყოს ეს დადასტურებული. ეს მარტო მე არ მჭირდება და არც მარტო ოჯახს, ეს გამოძიებისთვისაც საჭიროა, ვინაიდან ეს მათი პრესტიჟის საქმეა.
– დაბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ – მანქანის ანთებულ ფარებს, ჩამოწეულ სამზეურებს, უკან ჩამოწეულ ფანჯრებს, გადაჭერილ ღვედსა და კიდევ სხვა მსგავს საეჭვო გარემოებებს რით ხსნით?
– ფარები რა სიტუაციაში აინთო, კაცმა არ იცის, სავარაუდო მკვლელთან ურთიერთობაც გაურკვეველია ჩემთვის – ნაცნობი იყო, თუ მან თავიდანვე იარაღის მუქარით იმუშავა… ეს მომენტები ჩემთვის გამოუცნობია და მე ამას ვერ ვხსნი. რაც შეეხება სამზეურებს, ის ჩამოიწევა იმისთვის, რომ შემთხვევითი შემომსვლელისთვის, თუ გამსვლელისთვის არ იყოს თვალსაჩინო, რა ხდება მანქანაში… რაც შეეხება ფანჯრების ჩამოწევას, ვფიქრობ, დამნაშავემ ეს სუნის გაყვანის მიზნით გააკეთა, ვინაიდან კრიმინალისტების ძაღლებს მისი სუნი არ აეღოთ. არ ვიცი, რა მოტივებით შეიძლება, სავარაუდო მკვლელს ემოქმედა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს რაღაც ახსნა აქვს. ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს მიუთითებს, რომ თვითმკვლელისთვის არ იქნებოდა აქტუალური, არც ფანჯრებისა და სამზეურების ჩამოწევა, არც ღვედის გადაჭერა, არც ფარების ანთება და ა.შ. მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც ლოგიკასთან ახლოსაა. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნებოდა ბუნებრივი თვითმკვლელისთვის. მკვლელს კი რა მოტივები ამოძრავებდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები