დენის სალუქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ტყის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეპროგრამის ფარგლებში.

“ქვეპროგრამა ითვალისწინებს დეგრადირებული ფართობების შერჩევასა და შემოღობვას, ტყის ფიტო და ენტომომავნებლების კერების დროულ გამოვლენას, მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, რისკების იდენტიფიცირებასა და დაავადებებზე შესაბამის რეაგირებას. პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის აღდგენილია 7,48 ჰექტარზე მეტი დეგრადირებული ტყის ფართობი.

მინისტრის ინიციატივით, ტყის ბუნებრივი სიმდიდრის დაცვისა და ხანძრის პრევენციის მიზნით, ზეგანის სატყეო უბანში ხანძარსაწინააღმდეგო საინფორმაციო ბანერი განთავსდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე დაათვალიერა მეტყევის სახლი, რომელიც ბეშუმში 2025 წელს აშენდა ზეგანის სატყეო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანამედროვე ინფრასტრუქტურა მეტყევეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტყის მართვის პროცესის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.

მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ფანცხავა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები