რუსული მედია: კიმ ჩენ ინს შორეულ აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში ელოდებიან
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, შორეულ აღმოსავლეთში ჩავა, სადაც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ამის შესახებ ამჯერად უკვე რუსული მედია, კერძოდ კი, “ინტერფაქსი” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, მსგავსი შინაარსის ცნობები დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა.
“ინტერფაქსს” „შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის ერთ-ერთი შემადგენელი ერთეულის“ მთავრობაში უთხრეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რეგიონს “შესაძლოა, უახლოეს მომავალში ესტუმროს“.
სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
კიდევ ერთ რეგიონში გამოცემას უთხრეს, რომ მსგავსი მზადება მიმდინარეობს, ”დიდი ხანია, ვემზადებით კიმ ჩენ ინის ვიზიტისთვის”.
პუტინი ვლადივოსტოკში ვიზიტს დღეს იწყებს, 12 სექტემბერს ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
New York Times-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ჩადის, რათა განიხილოს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.
თეთრმა სახლმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, თავის შეიკავოს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისგან.
Financial Times-მა ასევე თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ხელი მოაწეროს რუსეთთან შეიარაღების მიწოდების ხელშეკრულებას. სავარაუდოა, რომ ფხენიანს შეუძლია, შესთავაზოს მოსკოვის საბრძოლო მასალა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები.