მედია: აშშ-ის კონგრესის დემოკრატებმა, შესაძლოა, ირანში ოპერაციის გამო ტრამპს უჩივლონ

აშშ-ის დემოკრატი კანონმდებლები ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იკვლევენ, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს 1 მაისის შემდეგ კონგრესის თანხმობის გარეშე გააგრძელებს.

ამის შესახებ ჟურნალი „Time“- ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

1973 წლის საომარი უფლებამოსილებების რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, ორი დღის ვადაში აცნობოს კონგრესს საზღვარგარეთის საბრძოლო ზონებში ჯარების შეყვანის შესახებ და შეუძლია გამოიყენოს ისინი კანონმდებლების თანხმობის გარეშე არაუმეტეს 60 დღისა, მათი არაუმეტეს 30 დღით გაგრძელების შესაძლებლობით, თუ ეს პერიოდი აუცილებელია აშშ-ის ჯარების კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხოდ გასვლისთვის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპმა კონგრესს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ოფიციალურად 2 მარტს აცნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელს აქვს შესაძლებლობა, ოპერაცია საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე 1 მაისამდე გააგრძელოს.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დემოკრატი წევრები მიიჩნევენ, რომ მოახლოებული 60-დღიანი ვადა მათ საუკეთესო შანსს აძლევს, გააპროტესტონ ომი, რომელიც, მათი აზრით, უკანონოდ დაიწყო”,- წერს მედია.

ჟურნალი აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტანის შესახებ დისკუსიები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ პროცესი შეიძლება გაძლიერდეს, თუ სამხედრო მოქმედებები 1 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები