“უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის ორ წელიწადში იქნება მზად, ნატოში კი – უფრო ადრე” – უკრაინის ვიცეპრემიერი
უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერი, ოლგა სტეფანიშინა მიიჩნევს, რომ, რუსეთთან ომის პირობებშიც კი, ქვეყანას შეუძლია, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოებისთვის უნდა მოემზადოს, ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გაწევრიანების შესაძლებლობას 7 წელი უნდა ელოდოს.
სტეფანიშინა დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეძლებს ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვას, ყველა ვალდებულების შესრულებას, ასევე შეძლებს, შექმნას ეკონომიკის აღდგენის პირობები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის კონკურენტუნარიანი წევრი.
“ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირში წევრობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობა განსაზღვრავს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჩარჩოებს“, – დასძინა მან.
უკრაინის ვიცეპრემიერის თქმით, ნატოში გაწევრიანება შესაძლოა, უფრო ახლო ვადებში იყოს.
„ვფიქრობ, ნატოში შესვლას უფრო სწრაფად შევძლებთ, რადგან ველოდებით გამარჯვებას, ომის დასრულებას და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ცნობილი არმია ნამდვილად იქნება ევროპის და მთელი ევროპული სივრცის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტი“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.