ისრაელის თავდაცვითმა კომპანია Esh-Tech-მა ახალი ლაზერული ანტიდრონული სისტემა DroneLight წარადგინა, რომელიც, კომპანიის განცხადებით, წუთში 30-მდე საჰაერო სამიზნის, მათ შორის დრონების, განადგურებას შეძლებს.
კომპანიის ცნობით, სისტემა პულსური ლაზერის ტექნოლოგიას იყენებს და თითოეული დრონის გასანეიტრალებლად საშუალოდ 1-2 წამი სჭირდება. ამ მაჩვენებლის საფუძველზე, DroneLight-ს ერთ წუთში დაახლოებით 30 დრონის ჩამოგდება შეუძლია, რაც მას დრონების ჯგუფური შეტევების მოგერიებისთვის ეფექტიან საშუალებად აქცევს.
Esh-Tech-ის ინფორმაციით, სისტემის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 1 კილომეტრია და მისი ენერგომოხმარება ტრადიციულ ლაზერულ სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. კომპანია აცხადებს, რომ DroneLight-ის პირველი ოპერატიული განთავსება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება და უკვე მიღებული აქვს შეკვეთები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცნობისთვის, ლაზერული თავდაცვის სისტემების განვითარებაზე ისრაელი უკვე წლებია მუშაობს.