უკრაინის უმაღლესი რადას საიტზე დაიდო კანონპროექტის ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა გარკვეული კატეგორიისთვის მობილიზაციისგან გადავადების გაუქმებას.
კერძოდ, მოქმედი კანონი ითვალისწინებს მობილიზაციისგან თავის არიდებას ყველა სტუდენტისთვის, თუმცა, დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ ეს დებულება არ შეეხოს იმ სტუდენტებს, რომლებიც კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით იღებენ განათლებას ადრე მიღებულ განათლებასთან შედარებით უფრო მაღალი საფეხურით. ასეთმა სტუდენტებმა უნდა დაიწყონ სწავლა არაუგვიანეს 30 წლისა.
ამავე კატეგორიას დაექვემდებარებიან ასევე დოქტორანტები, რომლებიც სწავლობენ სრული განაკვეთით ან ორმაგი განათლების ფორმით.
კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ, სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს სტუდენტების გადავადების უფლებას გაწვევის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულია, რომ საუბარია იმ მამაკაცებზეც, რომლებმაც უკვე მიიღეს გარკვეული განათლება და 2022 და 2023 წლებში კვლავ შევიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გასულ წელს ასეთი 106 771 მამაკაცი იყო.
გამონაკლისი არც წლევანდელი სასწავლო პერიოდი აღმოჩნდა.
„სასწავლო დაწესებულებებში შესვლის კამპანია 30 ნოემბრამდე მაინც გაგრძელდება, და უკვე, 28 აგვისტოს მდგომარეობით, ასეთი პირების რაოდენობა 74 059 შეადგენს“, – აღნიშნავენ პარლამენტარები.
3 სექტემბერს სახალხო დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის მობილიზაციისგან გადავადების მოხსნას. საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც 30 წელს გადაცილებული არიან და იღებენ მეორე ან მესამე განათლებას და ხშირ შემთხვევაში იმაზე უფრო დაბალი საფეხურის განათლებას, ვიდრე ადრე აქვთ მიღებული.
17 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით ქვეყანაში მობილიზაცია მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა.