სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ – დაღუპულია 4 სამხედრო

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის მიმართულებით ვითარება დაიძაბა.

მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის სექტორში სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ერთი სამხედრო“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ვითარებას ამძიმებენ.

მათივე ინფორმაციით, სომხური მხარე აგროვებს დამატებით სამხედრო ტექნიკას და ადამიანურ ძალას ბასარკეჩარის რაიონის ზოდის დასახლების მიმართულებით განლაგებულ პოზიციებზე.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა არსებულ დაძაბულობასა და მის შედეგებზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია საფრთხეს უქმნის სომხეთის მშვიდობიან მოსახლეობას – საფუძველს არის მოკლებული.

“აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები იღებენ აუცილებელ საპასუხო ზომებს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პროვოკაციებზე და ცეცხლს უხსნიან მხოლოდ კანონიერ სამხედრო სამიზნეებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები