ევროკომისიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო, BioNTech/Pfizer-ის მიერ შემუშავებული უკვე მესამე, განახლებული ვაქცინა დაამტკიცა.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ვაქცინა Comirnaty XBB.1.5 მესამედ განაახლეს, რათა შეესაბამებოდეს კორონავირუსის ახალ ვარიანტებს და დამტკიცებული იყოს ექვს თვეზე მეტი ასაკის ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ ნებართვა დაჩქარდა, რათა ევროკავშირის ქვეყნები უკეთ მოემზადონ მომავალი ვაქცინაციის კამპანიებისთვის.
ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესი ელოდება, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე COVID-19 სეზონური გრიპის პარალელურად გავრცელდება.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ ევროკავშირში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი დაბალი რჩება.