თეა წულუკიანი იაპონიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კუნძულ ოკინავაზე მან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა იაპონიის პარლამენტის წევრებთან – ბატონ მასაჰისა მიაძაკისთან, ბატონ კონოსუკე კოკუბასთან, ბატონ კოსაბურო ნიშიმესა და ქალბატონ აიკო შიმაჯირისთან. ეს დეპუტატები იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში ოკინავიდან არიან არჩეულნი.
“შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
შეხვედრაზე, სხვებს შორის, ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს. მომდევნო წლისთვის დაიგეგმა საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა.
მხარეებმა თავიანთი ქვეყნების კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ახალი ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.
თეა წულუკიანმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ხელშეწყობისა და კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე მომზადებისთვის.
ინფორმაციისთვის: თეა წულუკიანი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მიმდინარე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება. მინისტრი შეხვედრებს გამართავს იაპონიის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები