„კახოვკის ჰესი რესტავრაციას აღარ ექვემდებარება“ – იგორ კლიმენკო
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის მიწაზე ჩადენილი ეკოციდი არის დანაშაული ჩვენი პლანეტისა და მომავალი თაობების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის ზედა 28 ნაწილიდან 11 განადგურდა. ჰესის სამ ტურბინულ ზონაში 150 ტონა საპოხი გაიჟონა. კახოვკის ჰესი რესტავრაციას აღარ ექვემდებარება“, – აღნიშნა კლიმენკომ.
მისი თქმით, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების 180 დასახლება, სადაც დაახლოებით 875 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, საგანგებო ზონაში გადავიდა.
„სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 28 დაშავდა. 39 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დატბორილი ტერიტორიიდან თითქმის 4000 ადამიანი და ასობით შინაური ცხოველი იქნა ევაკუირებული. სამაშველო ოპერაციის დროს დაზარალებულ რაიონებში 716 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის. 30 ბავშვი და 40 შშმ პირი“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კლიმენკოს თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, სანაპიროზე ნაღმების საშიშროება საგრძნობლად გაიზარდა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებობს.
„რუსების ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას. რუსული ტერორის შესაჩერებლად სპეციალური ფორმულაა საჭირო. და ეს არის უკრაინული მშვიდობის ფორმულა“, – დასძინა უკრაინის შს მინისტრმა.