თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, აშშ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას მხარს დაუჭერს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა ვაშინგტონის თანხმობა უკრაინაში F-16-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების დამტკიცების შესახებ მას შემდეგ, რაც უკრაინელი პილოტები მათზე წვრთნას დაასრულებენ.
სალივანის განცხადებით, არსებობს წერილი, რომელიც ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა. აღნიშნული წერილით სახელმწიფო მდივანი გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე.
„ეს არის ბუნებრივი გაგრძელება იმისა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა ჰიროსიმაში“, – აღნიშნა სალივანმა.
მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს გულისხმობს.
წვრთნები აგვისტოში უნდა დაიწყოს, თუმცა, მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუმტკიცებია საბოლოო სასწავლო გეგმა, რადგან ევროპული სახელმწიფოები ჯერჯერობით ყველა დეტალზე არ შეთანხმებულან.