გურამ მაჭარაშვილი: არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხი არ აქვს – უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება
“არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხი არ აქვს. უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების დამხობის სურვილი ოპოზიციის სტილია.
“თუ დააკვირდებით, რადიკალური ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს. თუ ომი ან ტრაგედია არ არის, ხალხი არავის ახსოვს. როგორც კი ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს, გაცოცხლდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ. ეს არის მათი სტილი.
ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი სახე ჰქონდა, როცა პირველ კომენტარს იძლეოდა. ასევე ყველამ იცის, რა მიზეზით არ იყო სტიქიის ადგილზე შს მინისტრი პირველივე დღეებში.
ყველას მშვიდობა და ჯანმრთელობა მისცეს, მაგრამ მაინც და მაინც საკუთარ თავზე უნდა გამოცადო ის, რომ შემდეგ სხვისი გაიგო?! ხომ არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე და ყველაფერი იკადრო იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკური პროცესი მოიგო. ტყუილებისა და დეზინფორმაციის ცეცხლი რომ გაიხსნა, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა?! როცა პირდაპირ ამბობდნენ, რომ თურმე იქ წყალი გუბდებოდა და არავის შეატყობინეს, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა. ის, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობდა, ტყუილი აღმოჩნდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა