ირაკლი კობახიძე: ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრია
“ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.
კობახიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.
„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.