“ნაციონალებს” შსს-მ დიდი დარტყმა მიაყენა, როცა ნარკოტრასა გადაუკეტა“

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაფიქრებული აქვს, შემოდგომისთვის მაქსიმალურად გააქტიურდეს და არიოს სიტუაცია, რათა დიდი პრობლემები შეექმნას ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისასა განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალებს” შსს-მ დიდი დარტყმა მიაყენა, როცა ნარკოტრასა გადაუკეტა. დეპუტატს საპარლამენტო ოპოზიცია დესტრუქციულ ძალად მიაჩნია.
„აკო მინაშვილი უზნეო ადამიანია… საერთოდ, აკოები, მაკოები, ტაკოები უზნეოები არიან. ესე იგი, მაგათ მთავარი დამნაშავე რომ ჰყავთ საზღვარგარეთ, იმან დაარიგა ესენი ჭკუაზე, შემოლაგდნენ პარლამენტში და პირველივე დღეს დაიწყეს უზნეო აქტიურობა. ამათ ჩაფიქრებული აქვთ, რომ მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ შემოდგომისთვის და არიონ სიტუაცია, რათა დიდი პრობლემები შეექმნას ხელისუფლებას. ამათ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როცა ნარკოტრასა გადაუკეტა. ტონობით ჰეროინის ხსნარი რომ შემოჰქონდათ აზერბაიჯანიდან და გაიჭედნენ, გახსოვთ, ხომ? ამათ, ფაქტობრივად, შავი ფული შეუმცირდათ და ამიტომაც არიან პანიკაში, ამიტომაც იკრიბებიან შემოდგომის ბუზებივით. ესენი ისხდნენ წილში, ესენი აკონტროლებდნენ ამ ყველაფერს. ვანო მერაბიშვილისა და მიშა სააკაშვილის გარეშე ჭიანჭველა არ დაძვრებოდა მიწაში…
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დესტრუქციული ძალაა, შეიძლება ჩვენ ცოტა გამოცდილება გვაკლია, ამათ ალაგმვას მაინც შევძლებთ, ფეხზე მყარად ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც-ვიღაცები შეთქმულებაზე ოცნებობენ, დიდი იმედი მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის, ყველა სიძნელეს მასთან ერთად გადავლახავთ. ჩვენ ახლა გვიკიჟინებენ, ამდენს როგორ ალაპარაკებთ „ნაციონალებს“? ჩაყარეთ ერთ დღეს ციხეშიო. ასე არ გამოვა, მაშინ ეს სახელმწიფო არ იქნება, სააკაშვილმა მოინდომა ყველას ჩაყრა ციხეში და ყველაფერი როგორ დამთავრდა, ვიცით…
იცით, რაზე მტკივა გული? ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ნაკლებად მიგვიწვდება ხელი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილებებზე. თითქოს, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პარლამენტმა წამყვანი ადგილი დაიკავოს პოლიტიკურ სივრცეში. არ ვიცი, შეიძლება მე მეშლება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა კოალიციისა და პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, თუნდაც საკადრო საკითხების გადაწყვეტაში. ამას ალალად ვამბობ, ჩვენ გუნდის შიგნით გვაქვს ამაზე საუბრები, ძალიან ბევრს სტკივა გული, რომ ეს პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება. როდესაც სამინისტროებში დეპარტამენტების დონეზე ჩამოვდივართ, იქ ვაწყდებით რაღაც საშინელებას, საოცარი კედელია აღმართული და იქ „ნაცმოძრაობის“ კადრები ფარულად ეწევიან საბოტჟაჟს, რათა შეაფერხონ ხელისუფლების წინსვლა. მე პირადად შევეჩეხე ასეთ მომენტებს ერთ-ერთ სამინისტროში. სხვათა შორის, უმრავლესობა კარგა ხანია არ შევხვედრივართ, უკვე დაიწყო საყვედურები – სად არის უმრავლესობის ლიდერი, რა ხდება? ასევე დაგვიგვიანდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი გულისტკივილი რაღაც საკითხზე შიგნით მაინც ხომ უნდა ვთქვათ? ბევრ რამეს გარეთ ვერ გამოვიტანთ, ხომ ხედავთ, „ნაციონალები“ როგორ არიან შეკრულები და როგორ აქტიურობენ?“, – ამბობს ნიშნიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები