საქართველო უკრაინაში პირველ ეტაპზე მილიონი ლარის სამედიცინო დახმარებას გააგზავნის

“საქართველო უკრაინას ამ ეტაპზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო ტვირთს გაუგზავნის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში გაგზავნის საკითხზე მთავრობამ შესაბამისი დასტური დღევანდელ სხდომაზე უკვე გასცა.
“დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უკრაინას აღმოუჩენს დახმარებას. ამ ეტაპზე დახმარების ღირებულება იქნება მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება შემადგენლობას, განსაზღვრულია მედიკამენტების გაგზავნა, მათ შორის დიაბეტის სამკურნალო წამლების, ანტიბიოტიკების, ბავშვებისთვის ვაქცინების, სახარჯი მასალის, ქირურგიული ნაკრებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთების”, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განამარტებით, ჰუმანიტარული ტვირთი უკვე მობილიზებულია.
“დიდი ნაწილი მოიძებნა ჩვენი მარაგებიდან, ნაწილს კი დღეს შევიძენთ და ყველაზე გვიან, ოთხშაბათს სატრანსპორტო თვითმფრინავით გავაგზავნით”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები