ილარიონოვი რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არაეფექტურს უწოდებს

ვლადიმერ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, ექსპერტ ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ განხორციელებული საერთაშორისო სანქციები არაეფექტური, უშედეგო და არაფრის მომტანია. აღნიშნულის შესახებ ილარიონოვმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
“რუსეთთან მიმართებაში განხორციელებული და დაგეგმილი საერთაშორისო სანქციები არასერიოზული, არაეფექტური და უშედეგოა. ამას არსებული ვითარება ადასტურებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა, თუმცა, ამას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენია. ევროპულ-ამერიკულ სანქციებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ის კრემლის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს”, – აღნიშნა ილარიონოვმა.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, თავიდანვე ჩანს, რომ სანქციები კონკრეტული კომპანიებისა და პირების მიმართ არის დაწესებული და, შესაბამისად, შედეგებს სწორედ კონკრეტული ინვესტორები იგრძნობენ. ექსპერტის აზრით, შედეგის მისაღწევად საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მკაცრი და მასშტაბური ღონისძიებები უნდა დაგეგმოს.
“ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სანქციების დაწესების არაერთი მაგალითი. გაიხსენეთ კუბის, ჩრდილოეთ კორეის, ერაყის, ირანის შემთხვევები. გვახსოვს, როდესაც ერაყს ფინანსური სანქციები დაუწესეს, იგივე – ირანის შემთხვევა ერაყის ნავთობზე ემბარგოს დადებასთან დაკავშირებით. ამ სანქციებს ქმედითი შედეგები არ მოუტანია. ამ ყველაფრის ფონზე კი, როდესაც გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე – რუსეთზე ასეთი მცირე სანქციები დაწესდა, ბუნებრივია, შედეგი ვერ იქნება. მას აქვს შესაძლებლობა, სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობა იმ სხვა ქვეყნებთან წარმართოს, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ უერთდებიან. სანქციების მიზანია, რუსეთს რაც შეიძლება მეტად “ეტკინოს”, ის პროცესები კი, რომლებიც ამ სანქციებით წარიმართა, მტკივნეული ნამდვილად არ არის”, – განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები