ირაკლი ბერაიას ატლანტაში, სავაჭრო პალატაში უმასპინძლეს
“ამერიკული მხარის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ატლანტაში, ქობის ოლქის სავაჭრო პალატაში. ქართველი დეპუტატები პალატაში გამართულ სხდომას დაესწრნენ, რის შემდეგაც სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას, ბიზნესის წარმომადგენლებს და შტატის კანონმდებლებს შეხვდნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
“თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შეხვედრის მონაწილეებს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოზე, ამერიკული ბიზნეს წრეებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების, ტურიზმის, სამრეწველო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სამთო-მოპოვებით, აგრარულ და სხვა სექტორებში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა ამ მიმართულებებით საქართველოს უდიდეს პოტენციალს, აგრეთვე აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საჭიროებას.
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნა საქართველოს ეკონომიკის სექტორების მიმართ დაინტერესება, განსაკუთრებით ჯორჯიის შტატის გუბერნატორის ბრაიან კემპის საქართველოში ვიზიტის და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გაიმართა. მასში გვარდიის წარმომადგენლები და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე მონაწილეობდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.