მცირეწლოვანს, რომელიც ვანში ყაჩაღებმა უთოთი აწამეს, “რუსთავი -2” დაეხმარება
ვანის რაიონში დაზარალებული ბავშვის დასახმარებლად ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ათი ათას ლარს ჩარიცხავს, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.
მისი თქმით, ტელეკომპანია სრულიად დააფინანსებს მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯებს.
„ტელეკომპანია რუსთავი 2ის გადაწყვეტილებით, ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. გამოვთქვამთ მზადყოფნას, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ასევე, გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც, ჩვენი მხრივ, ჩავრიცხავთ ათი ათას ლარს და ასევე ჩვენი ეთერის მეშვეობით უზრნველვყოფთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხები შესაძლებლობის ფარგლებში. ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეეძლება ანგარიშზე დარიცხული თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების. დაეხმარეთ პატარას „რუსთავი 2“-თან ერთად“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახს 4 უცნობი პირი თავს დაესხა. მომხდარის დროს ოჯახში მხოლოდ დედა და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. ყაჩაღებმა ქეთევან არველაძეს სახე დაუსერეს, ხოლო მის მცირეწლოვან მძინარე შვილს გახურებული უთოთი კიდურები დაუწვეს. თავდამსხმელები ქეთევან არველაძისგან ფულს ოთხოვდნენ. ოჯახში ოქროს ნივთების პოვნის შემდეგ კი მძარცველები გაიქცნენ. დაზარალებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.