რუს ტურისტებს გუდაუთაში ვირუსი გამოუვლინდათ – ინფიცირებულია 300-მდე ბავშვი

ოკუპირებულ გუდაუთაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში როტავირუსით 300-მდე ბავშვი დაავადდა.

ამის შესახებ ე.წ.მუნიციპალიტეტის მთავარმა სანიტარმა, ინგა ჩანბამ გუდაუთის რაიონის ე.წ.გამგეობაში ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად სამკურნალო დაწესებულებას 30-მდე ადამიანი მიმართავს როტავირუსით.

“მათი უმეტესობა სასტუმრო “როსიას” სტუმრები არიან. ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთში როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება და ჩვენი ბავშვები აცრილნი არიან. ძირითადად, ადგილობრივი ბავშვები ზღვაში ხშირად არ ბანაობენ”, – აღნიშნა მან.

ჩანბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როტავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი ბავშვია.

დაავადების სიმპტომებია – საჭმლის მონელების დარღვევა და ღებინება. მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ.

ბავშვები სამედიცინო დაწესებულებაში გადიან აუცილებელ პროცედურებს და მათ ბინაზე უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები