„რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს შსს გახშირებული მკვლელობების გამო“

„რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს შსს გახშირებული მკვლელობების გამო“, – ამ სათაურით სტატია გაზეთ „ალიაში“ დაიბეჭდა. გამოცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლევან იზორიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. რატომ გახშირდა საქართველოში მკვლელობები? რა სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? რა პრევენციის გატარებას გეგმავს ჭიკაიძის უწყება? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია პასუხობს:

– გახშირებულ მკვლელობებს ადამიანთა ობიექტური აღშფოთება მოჰყვა. ერთ თვეში მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია 13 მოქალაქე. თქვენ კი აცხადებთ, რომ მომატებულ კრიმინალზე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები შსს-ს დისკრედიტაციას ემსახურება. თქვენ გამოაქვეყნეთ 2011 წლის აგვისტოს სტატისტიკა, თუმცა ადამიანის სიცოცხლეში სტატისტიკა არ იცვლება. რას ვეუბნებით გარდაცვლილთა მშობლებს?
– “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები, თითქოსდა გაუარესდა კრიმინალური ვითარება, პირდაპირ ვამბობ, არის ტყუილი. ზუსტად მათივე გამოქვეყნებული სტატისტიკით იმიტომ შემოვიფარგლე, რომ 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, იგივე რაოდენობის, ანუ 11 მკვლელობა მოხდა და აქედან გაიხსნა 10 საქმე, ხოლო 2014 მოხდა იგივე რაოდენობის მკვლელობა, აქედანაც გაიხსნა 10 მკვლელობა. დღეს, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდისგან, ყველას საჯაროდ ხელი მიუწვდება სტატისტიკაზე და განსაკუთრებით, “ნაციონალებს”. ამიტომ დასხდნენ, დააფიქსირონ რაოდენობა ამ მკვლელობებისა და საზოგადოებას ელაპარაკონ კონკრეტული ფაქტებით და არა, ტყუილებით… ისინი ტყუილებით მეტად დაკარგავენ ნდობას საზოგადოებაში, ტყუილები ხომ მათი სტილია.
– ბატონო ლევან, “ნაციონალური მოძრაობის” დრო საქართველოში გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა იყო და ეს კრიმინალი სახელმწიფო დონეზე ჰქონდათ მათ აყვანილი, მაგრამ დღეს კრიმინალმა ქუჩაში გადმოინაცვლა და რიგით ადამიანებს ემუქრებათ საფრთხე. ამ ადამიანებს კი არ აინტერესებთ სტატისტიკა, მათ აინტერესებთ უსაფრთხოება. რა არის გამოსავალი? რა პრევენციის გატარებას აპირებთ?
– დავიწყოთ იმით, რომ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს ამ კუთხით. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება ასეთი ფაქტები. ამისგან ზეგანვითარებული ქვეყანაც კი არ არის დაზღვეული, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რაც მოხდა ამ დღეებში… ხშირად ასეთი კრიმინალური გარჩევები უკავშირდება მეგობრებსა და ოჯახის წევრების საქმის გარჩევებს, რაც, სამწუხაროდ, მკვლელობით მთავრდება. პოლიციელის მხრიდან წინასწარ იმის განჭვრეტა ძნელია, სუფრასთან მჯდომი რომელ ნათესავს გაიმეტებს მოსაკლავად. ბუნებრივია, ვმუშაობთ სიტუაციის გამოსწორებაზე მუდმივი პატრულირებით და სხვა პრევენციული ზომებით, აღვკვეთოთ ასეთი ფაქტების შესაძლებლობა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ პრივატულ სფეროში, ოჯახებში, სადაც ნათესავი ნათესავს სასიკვდილოდ იმეტებს, პრაქტიკულად ამაზე პრევენციული ზომების გატარება შეუძლებელია. არადა, ასეთ ფაქტებს უფრო ხშირად აქვს ადგილი, მაგრამ ამ კუთხით ჩვენ არ ვადუნებთ ყურადღებას და ინტენსიურად ვმუშაობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. კანონმდებლობას იარაღის შესახებ გადავხედეთ, კანონში არის გარკვეული ხარვეზები, დღეს ნებისმიერს შეუძლია იყიდოს იარაღი, თუკი პირი არ არის ნასამართლევი და ფსიქიკურად დაავადებული.
იარაღის შეძენა 18 წლიდან ყველას შეუძლია. ვფიქრობთ, რომ ასაკობრივი ცენზი უნდა განისაზღვროს, ასევე ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, ვინც იარაღს შეიძენენ, გაიარონ მომზადება და ყველას არ ჰქონდეს იარაღის შეძენის უფლება. აქვე გეტყვით, რომ მთავრობას გავუგზავნეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ შემოგვაქვს მუხლი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება, თუკი არასრულწლოვანს მიჰყიდიან ცივ იარაღს. ასაკის მიუხედავად, დღეს ნებისმიერს შეუძლია ცივი იარაღის შეძენა. აქაც ასაკობრივი ცენზი უნდა დავაწესოთ. პარალელურ რეჟიმში გამკაცრდება პატრულირება.
– მაგალითად, ჩემ თვალწინ მოხდა ინციდენტი ქუთაისში, როცა ახალგაზრდებმა ერთმანეთი დაასისხლიანეს და პატრული არ მოვიდა. არადა, ეს ჩხუბი თითქმის 3 საათი გრძელდებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პატრული აღარ პატრულირებს. უფრო კონკრეტულად, რა ცვლილებები იგეგმება პატრულში?
– ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მიუხედავად ცვლილებისა, სასამართლო ცუდ პრაქტიკას აგრძელებს, რამდენიმე დღის წინ სასამართლოს წერილობით მივმართეთ, კერძოდ, როდესაც პატრული სამართალდარღვევაზე აკავებს პირს, ვთქვათ, ხულიგნობაზე, დაკავებული პირი პატრულმა უნდა წაიყვანოს სასამართლოში. სასამართლოში ხდება ისე, რომ მოსამართლე პატრულს ალოდინებს 5-6 საათის განმავლობაში. შესაბამისად, სადაც პატრულმა პატრულირება უნდა განახორციელოს, მოწყვეტილია საქმიანობას. 2-3 კვირის წინ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომ ასეთ დროს მოხდეს საქმის დაუყოვნებლივი განხილვა, რათა პატრულს თავისი ფუნქციის ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა მიეცეს და არ იჯდეს 5 საათის განმავლობაში სასამართლოს მოლოდინში, ნაცვლად იმისა, რომ მოახდინოს პატრულირება.
მიუხედავად ამ ჩანაწერისა, დღემდე გრძელდება ეს მავნე პრაქტიკა და სასამართლოს მივწერეთ წერილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაქსიმალურად ხდება ამ ხარვეზების აღმოფხვრა, პატრული უნდა იყოს ქუჩაში და მოახდინოს კრიმინალზე რეაგირება, ეს თითოეული პოლიციელის პასუხისმგებლობაა, ამისთვის არსებობს შიდა კონტროლის მექანიზმი გენინსპექციის სახით, რომ სადაც რეაგირებაა საჭირო, მოახდინოს რეაგირება. რაც თქვენ ბრძანეთ ქუთაისთან დაკავშირებით, ეს არის ცალკე შესწავლის საქმე. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, შესასწავლია, რატომ არ იმოქმედა პოლიციელმა.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ზეგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ხდება კრიმინალური ფაქტები. გიდასტურებთ, შვეიცარიაში, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, არის ნიშნები, სადაც გაფრთხილებენ, რომ აქ შესაძლებელია, გაგქურდონ. მაგრამ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ნელ-ნელა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს კარგავს?
– რა საინტერესო ფაქტი გაიხსენეთ, მე გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ჩავედი ქალაქ სალანაში, ერთ-ერთ უბანზე მითხრეს, რომ გაფრთხილდით, ამ ტერიტორიაზე თქვენი შესვლა იქნება სიცოცხლისთვის საშიში. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებისგან არც ერთი ქვეყანა არაა დაცული, მაგრამ საქმე ისაა, რომ სტატისტიკას რომ გადავხედეთ, კრიმინალის გაუარესებას ტენდენციური სახე არა აქვს. როცა თვეში 20 ან 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდება, ეს უკვე სერიოზული ნიშნულია. უწინ ყველა სატელევიზიო საშუალება კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ხელისუფლებას აწყობდა, ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რაც არის რეალობა. შესაბამისად, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გააკეთოს, სიმართლე თქვას, როგორი რეალობა იყო უწინ იმ ხელისუფლების პირობებში და როგორია დღეს.
– ბატონო ლევან, როცა წინა წლების სტატისტიკას გადახედეთ, ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაყაჩაღებისა და 4 წლის ბავშვის გაუთოების ფაქტი იყო?
– მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი რამდენიმე დღის წინ. როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრმა თქვა, ეს გააკეთა მისმა ბიძაშვილმა. ბუნებრივია, რაც მოხდა, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რაც მოხდა ვანში, ასეთი ფაქტი ბოლო პერიოდში არ ყოფილა.
– “ნაციონალები” ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას…
– როგორც ჩანს, “ნაციონალებმა” ეს კამპანია დაგეგმეს იმ შეხვედრაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იყო ჩამოსული თურქეთის ტერიტორიაზე, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და თქვა, რომ გული მიწუხს მკვლელობების ფაქტებს რომ ვისმენო. არადა, როცა უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, როგორც ქვეყნის პირველი პირი, მაშინ ერთხელ არ გამოსულა გულაჩუყებული. ახლა რატომ შეუწუხდა გული, არ ვიცი. როგორც ჩანს, რაც ხდება, ეს არის იმ შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება.
დღეს კუბლაშვილი გამოდის განცხადებებით და პოლიციას მორალს უკითხავს, არადა, ეს იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც პოლიციას თავისი პოლიტიკური ინტერესების იარაღად იყენებდა და ბინძურ საქმეებს აკეთებინებდა. რა მორალური უფლება აქვს, რომ დღეს ამ პოლიციას, რომელიც მათ ხელში ღირსებააყრილი იყო, ღირსებაზე ელაპარაკება. ეს არის სწორედ ცინიზმი. ამ ფონზე მათი გადაწყვეტილება, – მოდით, ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისგების საკითხი დავაყენოთო, არის სწორედ ამ ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, ეს არის “ნაციონალების” მზაკვრული თამაშების ერთ-ერთი ხერხი…
– გასაგებია, რომ “ნაციონალების” მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს, რადგან სწორედ მის ხელისუფლებას ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ღიად ითხოვდა გვამებს და ამისთვის პრემიებს გასცემდა და რომლის ცოლის, სალაყაიას თანამესუფრეებმა მოკლეს გირგვლიანი. ლევან ბერძენიშვილის თქმით, სალაყაიას გირგვლიანის წამებასა და კვნესას მობილური ტელეფონით ასმენინებდნენ, მაგრამ ამისთვის მერაბიშვილი არ გადამდგარა. თუმცა ეს არ არის შვება და ჩვენ ცუდი მოგონებებით ვერ ვიცხოვრებთ. ისიც გვესმის, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში შეიწყალა ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და პედოფილები, მოსალოდნელი იყო კრიმინალის გაუარესება, მაგრამ არც ეს არის გამოსავალი… და კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, რას გვთავაზობთ? ატარებთ თუ არა ამნისტირებულებზე მონიტორინგს?
– სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, “თავისუფალი ზონა” იწყებს სიტუაციის დაძაბვას, მისი მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოკაციაზე წამოგება, რასაც მოჰყვება რეიდები, შემდეგ კი “ნაციონალები” იტყვიან, საქართველოში ადამიანების უფლებები და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არისო. – ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, – როდესაც ვამბობ, რომ, შესაბამისად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას და ვამშვიდებთ, ვინც ცდილობს, ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები