გიორგი კვირიკაშვილი ინვესტორთა კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ინვესტორთა კონფერენციაზე, რომელიც, საქართველოს ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ ორგანიზებით გაიმართა, ასეთი ფორმატით კონფერენცია პირველად ჩატარდა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონფერენციას 40-მდე უცხოელი ინვესტორი, მათ შორის, ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორიცაა Goldman Saches, UBS, Bank of America, Citi, Renaissance Capital დაესწრო.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელი ინვესტორები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს განიხლავენ არა როგორც ცალკე მდგარი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანას, არამედ როგორც საინვესტიციო შესაძლებლობებით მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილს.
მან დადებითად შეაფასა 2012 წლიდან მოყოლებული „საქართველოს ბანკის“ აქციათა ფასის გაორმაგების დადებითი დინამიკა, რომელიც პოზიტიურად განაწყობს ბანკის ინვესტორებს საქართველოს მიმართ.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების რეგიონულ პერსპექტივაზე. მისი განცხადებით, საქართველო მუშაობს შესაბამის კანონმდებლობაზე და ახორციელებს წარმატებულ ადმინისტრაციულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებას წარედგინება აღნიშნული სექტორის განვითარების სტრატეგია. კონფერენციის მონაწილეებმა აგრეთვე მოისმინეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის მოხსენებები.
კონფერენციის მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს არსებული და პოტენციური ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ ან უკვე განიხილავენ ინვესტიციების დაბანდებას ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. კონფერენციის მონაწილეებმა, რომელთაც საქართველოსა და აზერბაიჯანში, ჯამში, 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული, მოისმინეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები