„რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება.
„თუ კრემლში ვინმეს ჰგონია, რომ მათ თითქოს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საკვები მაგიდაზე სხვადასხვა ქვეყანაში, ეგვიპტეში ან სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში ან ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს, რომ შანტაჟი არავისთვისაა ნებადართული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ომის განმავლობაში რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის თავისუფლება გაანადგურა და უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა.
„ამის ერთადერთი შესაძლო შედეგი არის სურსათის ბაზრების დესტაბილიზაცია და სოციალური ქაოსი იმ ქვეყნებში, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი სურსათის იმპორტზე. უკრაინული საკვები არის ძირითადი უსაფრთხოება 400 მილიონი ადამიანისათვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის გარეშე უნდა გაგრძელდეს. ინიციატივის გაგრძელების წინადადებით, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.