სოსო არჩვაძე: საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მზარდ როლს იკავებს რეექსპორტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას

,,2023 წლის ივნისში საქართველოს ექსპორტი გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით და 547.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ყოველდღიური ექსპორტის მოცულობა 2023 წლის ივნისში თითქმის 3.29 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის ივნისის მაჩვენებლებს”,- ამის შესახებ ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მზარდ როლს იკავებს რეექსპორტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას.

,,იმპორტი ივნისში გაიზარდა 10.0 პროცენტით და 1215.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანად, ივნისში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 1763.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.5 პროცენტით აღემატება. ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში 45.0 პროცენტი შეადგინა – 4.4 პუნქტით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2022 წ. ივნისში – 40.6%).
ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ იმპორტის ზრდაზე უზრუნველყო უარყოფითი სავაჭრო სალდოს სავაჭრო ბრუნვასთან თანაფარდობის საგრძნობი შემცირება – 2022 წლის ივნისის -42.2 პროცენტიდან 2023 წლის -37.9 პროცენტამდე.
ექსპორტი-იმპორტის, მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპზე სერიოზული გავლენა მოახდინა იმ სანედლეულო პროდუქციის მსოფლიო ბაზრის ფასების შემცირებამ, რომელთაც საკმაოდ მაღალი წილი უკავით საქართველოს ექსპორტ-იმპორტში (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, etc.). წინა წლის ფასების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ექსპორტი 2023 წლის ივნისში ფაქტობრივთან შედარებით დაახლოებით 8-9 პუნქტით, ხოლო იმპორტი -5.0-5.5 პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტემპი (2023 წლის ივნისში ლარი აშშ დოლართან წინა წლის ივნისთან შედარებით გამყარდა 11.4%-ით) 1.5-ჯერ უსწრებს იმავე პერიოდში ეროვნული პროდუქტის რეალური ზრდის ტემპს, რაც საგრძნობლად აძვირებს სამამულო პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე. ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის გაძვირება ზრდის სარეალიზაციო ფასებს აშშ დოლარში და ართულებს მის კონკურენტუნარიანობას.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალი, აგრეთვე გაზრდილი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, იძლევა შესაძლებლობას, ექსპორტის აბსოლუტური დონე და მისი დინამიზმი გაცილებით მეტი იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მზარდ როლს იკავებს რეექსპორტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას”,- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები