82 წლის ასაკში პოეტი, მეცნიერი და მთარგმნელი ნომადი ბართაია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მწერალი, მთარგმნელი ნომადი ბართაია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

1961 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოს საშუალო სკოლა და გააგრძელა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის, ირანული ფილოლოგიის განყოფილეობაზე, რომელიც დაამთავრა 1966 წელს.

1966-2019 წწ. როგორც ირანისტი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრაზე, სადაც გაიარა თანამდებობები (ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი) კათედრის გამგეობამდე (2014-2019 წწ.).

სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან ჯერ სპარსული ენის ლექტორად, მერე ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგედ.

1970-1971 წლებში, ერთი წლით, სსრკ განათლების სამინისტროს მიერ მივლინებული იყო ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში სპარსული ენის თარჯიმნად.

სპარსულ ენასა და ლიტერტურაში, სხვადასხვა ვადით, კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის – ისპაჰანის (1976), ურმიის (1997), თეირანის თარბიათე მოდარესის (დოქტორანტთა) და გილანის (2001) უნივერსიტეტებში.

1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ „ენგურის” მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან კი –  ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ „კალამის” მთავარი რედაქტორი.

მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები. არის ქართული კულტურის დესპანი და მარტვილის საპატიო მოქალაქე. 2019 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა პრემია „ქუჯი“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები