მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“
გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა, საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრების გამარტივებული პროცედურა – ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნატოს სამიტს ეხმაურება.
მისი თქმით, თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია.
“გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა, საქართველოს შეეძლო, მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრების გამარტივებული პროცედურა.
უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო, უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.
საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.
ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია“,- წერს სააკაშვილი.