ნიკა მელია: კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით – არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია

“ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ, საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით – არ და ვერ იქნება მისთვის პარტია.

“ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც; არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი;

კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით – არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია.

ასევე ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ “სურვილს” – თუ მივდივარ წავიდე.

მათგან განსხვავებით მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი და რეალური.

ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა და ხდება პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა და არა ფულის; სადაც დაპირება არის რეალური და შესრულებადი და სადაც ადამიანი აგებს პასუხს თავის სიტყვაზე.

არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნესადიუტანტ ცისკარიშვილისგან – თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი”, – წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები