ბექა დავითულიანი – წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: აღარ სჭირდება არასწორი ინტერპრეტირება, თავისთავად, ისედაც მძიმე ფაქტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან.

ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, დავითულიანი განმარტავს, რომ ფანჩატურამდე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო, შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, ფანჩატურს არავინ შეხებია.

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება. ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, ისედაც თავისთავად მძიმე ფაქტია. პირველადი მონაცემებით არის ის, რომ ელექტრო გაყვანილობა იყო კუსტარული. ცნობილია, რომ წარსულში, ადგილზე, მსგავსი უკანონო ქმედება იყო აღკვეთილი და ხელმეორედ მაინც მოხდა როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან ფანჩატურში ელექტროენერგიის გაყვანა. სამუშაოებს რაც შეეხება, ინტერპრეტაციის ადგილი რომ არ დარჩეს, მოდი ვთქვათ, იქ მიმდინარეობდა გამწვანება, სკვერის რეაბილიტაცია, მაგრამ ფანჩატურამდე ეს გამწვანება, რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო. ფანჩატურს ჯერ არავინ შეხებია – ასეთია ოფიციალური მონაცემები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები