არჩილ თალაკვაძე: წყნეთში ბავშვის გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, კუსტარულად გაყვანილ ელექტროენერგიას უკავშირდება და მომხდარის მერიაზე გადაბრალება ადამიანების ემოციებზე მანიპულაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წყნეთში ბავშვის გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, კუსტარულად გაყვანილ ელექტროენერგიას უკავშირდება და მომხდარის მერიაზე გადაბრალება ადამიანების ემოციებზე მანიპულაციაა.

„პირველადი ინფორმაციით, ფაქტი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის თვითნებურად, კუსტარულად გაყვანას უკავშირდება. თუმცა რა მოხდა, ეს თქვენი ან რომელიმე პოლიტიკოსის დასადგენი არაა, შესაბამისი ინსტიტუტები არსებობენ რომლებიც ამ ყველაფერში გაერკვევიან. მერიაზე გადატანა, წინასწარი დასკვნების გამოტანა და პროპაგანდა, რომ მერიას დააბრალოთ, ეს არის ზემოქმედება, მანიპულაცია ადამიანების ემოციებზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

ცნობისთვის, წყნეთში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. ვაკის რაიონის გამგეობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები