“ბრძოლის ველზე ინიციატივა ავიღეთ, მაგრამ ისე სწრაფად არ მივიწევთ, როგორც ვისურვებდით” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ბრძოლის ველზე ინიციატივის აღება შეძლო და წინ მიიწევს, მაგრამ კონტრშეტევა არ მიდის ისე სწრაფად, როგორც სასურველი იქნებოდა.
ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენ ყველას გვსურს, რომ კონტრშეტევა უფრო მოკლე დროში დასრულდეს, მაგრამ არსებობს რეალობა. წინ მივდივართ. ჩვენ ერთ ადგილზე არ ვდგავართ“, – თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეთანხმება სამხედროების მოსაზრებას, რომ შეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და არ გრძნობდა ზეწოლას დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.
„დღეს ინიციატივა ჩვენს მხარეზეა. ჩვენ წინ მივდივართ, თუმცა არც ისე სწრაფად, როგორც ვისურვებდით. მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ”, – განმარტა უკრაინის ლიდერმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა წარმატებას F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე, და ზედმეტად ნელა ხომ არ აწვდიან კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობა მოკავშირეები, ზელენსკიმ თქვა, რომ ”F-16 ან ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ, გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე, უფრო დიდხანს ვიდგეთ ფეხზე”.