ნატოს სამიტამდე ერთმანეთს თურქეთის და შვედეთის ლიდერები შეხვდებიან

შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი დღეს, 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რომ დაძლიოს ის დიპლომატიური ჩიხი, რომელიც გამოწვეულია ალიანსში შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით ანკარას პოზიციით.

AFP წერს, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ვილნიუსში იმ პირობებში ჩატარდება, როდესაც ნატო ცდილობს ერთიანობის დემონსტრირებას უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე.

ცნობილია, რომ 9 ივლისს ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა. თეთრი სახლის მოკლე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „ბაიდენმა გამოთქვა სურვილი, ნატომ შვედეთი თავის რიგებში რაც შეიძლება მალე მიიღოს”.

ამასთან, თურქეთის ლიდერის პრესსამსახური იტყობინება, რომ ერდოღანი და ბაიდენი ნატოს სამიტზე ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, რომ შვედეთმა სწორი ნაბიჯები გადადგა ანტიტერორისტული კანონმდებლობის შესწორებით, მაგრამ სტოკჰოლმის გადაწყვეტილება, დაუშვას “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდამჭერთა აქციები, “ამცირებს ამ ნაბიჯებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები