“ნატო უკრაინის მიღების საკითხის განხილვას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისთვის.

მისივე თქმით, ნატო უკრაინის მიღების საკითხის განხილვას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად თვლის უკრაინის ალიანსში შესვლის შესახებ განხილვას, ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად.

„არ მგონია, რომ ნატოში ახლა, როცა ომია, იყოს ერთსულოვნება იმის თაობაზე, მივიღოთ თუ არა უკრაინა ნატოში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე დასძინა, რომ ეს საკითხი დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას ისევე, როგორც ამას აკეთებენ ისრაელისთვის.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რაციონალური გზა, რათა უკრაინამ შეძლოს ნატოში გაწევრებაზე პრეტენზიების გამოთქმა“, – თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ომამდე მან უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე დადოს პირობა, რომ უკრაინას ალიანსში არ მიიღებს, რადგან ალიანსი “ღია კარის პოლიტიკას” ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები