ბაიდენი ვილნიუსში ჩასვლამდე ლონდონს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩასვლამდე ლონდონს ეწვევა, სადაც პრემიერმინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება, რომელთანაც კლიმატის ცვლილებებს განიხილავს.
სუნაკთან საუბრის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იქნება ლონდონის შეშფოთება კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გადაწყვეტილება. უკრაინაში ამ ტიპის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიან დიდი ბრიტანეთი, კანადა და რიგი სხვა ქვეყნები, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი რამ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.
თუმცა, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინას უნდა მიეწოდოს ასეთი საბრძოლო მასალა, რადგან მისი იარაღის მარაგი იწურება.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ამერიკელი კოლეგა პირდაპირ არ გაუკრიტიკებია, მაგრამ მან ნათლად აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი იმ 123 ქვეყნიდან, რომელმაც ხელი მოაწერა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების აკრძალვის კონვენციას.
11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი იქნება პირველი, რომელშიც ფინეთი მიიღებს მონაწილეობას. შვედეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმებს თურქეთი ბლოკავს, რომელიც სტოკჰოლმს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.
სამიტის დღის წესრიგში მოსალოდნელია შვედეთის წევრობის საკითხის განხილვა, ასევე, ალიანსის ქვეყნებში საბრძოლო მასალის მარაგის გაზრდა, საერთო თავდაცვის გეგმების განხილვა, უკრაინა და სხვა.