“ნატოში უკრაინის მიწვევა ვილნიუსის სამიტზე შეიძლება და პროცესის ომის შემდეგ დასრულება” – სტეფანიშინა
კიევში მიაჩნიათ, რომ ნატოს შეუძლია, ომის დროსაც კი დაიწყოს უკრაინის გაწევრიანების პროცესი და დაასრულოს ის მხოლოდ ომის შემდგომ.
ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Eurointegration-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ვილნიუსის სამიტზეც შეიძლება.
„ალიანსის წესებში არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც ამის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ გვინდა, რომ ნატოს ყველა ლიდერმა, 31-მა სახელმწიფომ დაადასტუროს, რომ უკრაინა მიწვეულია ალიანსში და დაადასტუროს, რომ ახლად შექმნილმა ნატო-უკრაინის საბჭომ უნდა განსაზღვროს გზა წევრობისკენ. წევრობა არის პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს, როდესაც არსებობს უსაფრთხოების გარკვეული პირობები. რომელი პირობებია ეს – ომის დასრულებაზეა ლაპარაკი, თუ სხვა რამეზე – ეს უნდა დადგინდეს. ალიანსს აქვს ინდივიდუალური მიდგომა. მაგრამ პროცესის დაწყება, ანუ უკრაინის მიწვევა უკვე დღესაც შეიძლება”,- თქვა მინისტრმა.
ვიცეპრემიერმა დასძინა, რომ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნები, ისევე – როგორც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინის უკვე დღეს მიწვევის მომხრეა.