აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება „რთული გადაწყვეტილება“ იყო.
როგორც მან CNN-თან საუბარში აღნიშნა, ის ამ გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებულია, რადგან უკრაინას ესაჭიროება აღნიშნული საბრძოლო მასალა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში.
„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ჩვენს მოკავშირეებთან, განვიხილეთ ეს ჩვენს მეგობრებთან კონგრესში. უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალები გარდამავალი პერიოდის ფარგლებში იგზავნება, სანამ შეერთებული შტატები უფრო მეტი საარტილერიო ჭურვის (155 მმ) წარმოებას შეძლებს.
„ეს არის ომი, რომელიც ეხება საბრძოლო მასალას. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა, ჩვენ კი ცოტა გვაქვს. ასე რომ, მივიღე თავდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაცია – არა მუდმივად, არამედ ამ გარდამავალი პერიოდის ფარგლებში“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.