ბაიდენის მრჩეველი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას სამხედრო დახმარების ფარგლებში მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი უსაფრთხოების გადაწყვეტილებები დაფუძნებულია უკრაინის საჭიროებებზე და უკრაინას სჭირდება არტილერია მისი შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია უკრაინაში დახმარების გაგზავნა, სანამ საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება“, – აღნიშნა სალივანმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან კასეტურ ბომბებს იყენებს.
მისი თქმით, კასეტური საბრძოლო მასალის ტიპი, რომელსაც რუსეთი იყენებს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული კასეტური საბრძოლო მასალისგან განსხვავებულია.
„უკრაინამ მოითხოვა კასეტური საბრძოლო მასალები საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად. კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, გაცილებით დაბალი პროცენტის შემცველია, ვიდრე რუსეთი უკრაინაში იყენებს“, – დასძინა სალივანმა.
როგორც მან აღნიშნა, კასეტური საბრძოლო მასალის ფრთხილად გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინამ შეერთებულ შტატებს წერილობითი გარანტიები მისცა. ქვეყანამ პირობა დადო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკებს შეამცირებს.