მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ჩვენი კასპისა და საგარეჯოს აქტივით, არანაირი უკან დახევა არ იქნება – მოვუწოდებ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ 

„ის რაც ხდება ენმ-ის და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ზუსტი კალკია იმისა, რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელია ერთიანობა და საქართველოს მტერი მხოლოდ რუსეთია.

„ვამაყობ ჩვენი კასპისა და საგარეჯოს აქტივით. ის რაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ზუსტი კალკია იმისა, თუ რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში.

მე აღტაცებული ვარ „ნაცმოძრაობის“ წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ის ტრადიცია.

ასევე, ყოჩაღ „ფორმულას“ და მიშა მშვილდაძეს და მის კოლეგებს – როგორ ზუსტად ამხილეს მაფიოზური ძალადობრივი აპარატი.

კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რატომ არის აუცილებელი ერთიანობა. არანაირი უკან დახევა არ იქნება – მე მოვუწოდებ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ. რაც მეტნი ვიქნებით და კოორდინირებული, მით ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი სცენარის თავზე მოხვევას.

საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.

საქართველო ეკუთვნის ევროპულ სამყაროს და არაა აზიური დესპოტების უმწეო დანამატი. საქართველოს მთავარი პარტნიორი არის უკრაინა, რომელსაც უღალატა ამ რუსულმა ბანდამ ხოლო საქართველოს მტერი არის რუსეთი.

ამ კვირებში და დღეებში დაჩქარდა საქართველოს ჰიბრიდული დაპყრობა დესანტებით მოსკოვიდან დაწყებული და ტიუმენით დამთავრებული.

ამიტომ ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი ვართ, ძლიერები ვართ, მთავარია ჩვენი რიგები შევკრათ და გავაფართოოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები