“ნატოს სამიტზე რეგიონული თავდაცვის სამი ახალი გეგმა იქნება მიღებული” – სტოლტენბერგი
ვილნიუსში ნატოს სამიტზე ორი ძირითადი საფრთხის – რუსეთისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, რეგიონალური თავდაცვის სამი გეგმა იქნება მიღებული.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სამიტზე ჩვენ გადავდგამთ შემდგომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ახალი რეგიონალური თავდაცვის გეგმის მეშვეობით, რათა დავუპირისპირდეთ ჩვენი ალიანსის ორ მთავარ საფრთხეს- რუსეთს და ტერორიზმს“, – თქვა სტოლტენბერგმა.
მან განმარტა, რომ ერთი გეგმა ჩრდილოეთისთვის, ატლანტისა და ევროპის არქტიკისთვის იქნება მიღებული.
”მეორე არის ცენტრისთვის, რომელიც მოიცავს ბალტიის რეგიონს და ცენტრალურ ევროპას, ხოლო სამხრეთ გეგმა – ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვისთვის”, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.
ამ გეგმების შესასრულებლად ნატო 300 000 ჯარისკაცს გადაიყვანს მაღალი მზადყოფნის რეჟიმში, მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ძალების მნიშვნელოვან ნაწილს.
სტოლტენბერგი ასევე ელოდება, რომ ლიდერები მიიღებენ სამხედრო-სამრეწველო წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება მოთხოვნის გაზრდაზე, შესაძლებლობების გაზრდასა და ოპერატიულ თავსებადობაზე.
“ამისთვის, ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია. სამიტზე ალიანსის წევრები აიღებენ უფრო ამბიციურ ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ მცირე 2%-ის ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში”, – განმარტა მან.