ოკუპანტების მიერ ლვოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ 6 ივლისს ლვოვზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდეა გაზრდილი.

შსს-ს ინფორმაციით, 7 ივლისის დილის მდგომარეობით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 9 დაღუპულის ცხედარია ამოყვანილი, თუმცა, მოგვიანებით ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი, მეათე ცხედრის ამოყვანა მოხერხდა.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად 42 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული, მათგან 16 ჰოსპიტალიზებულია.

ოკუპანტებმა 6 ივლისს ლვოვის მიმართულებით 10 “კალიბრის” ტიპის რაკეტა გაუშვეს, მათგან სამი სამიზნეს მოხვდა.

როგორც გუშინ ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, იერიშის შედეგად დიდი ნგრევაა, 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ კი თქვა, რომ დაზიანდა ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

მომხდარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამში” გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ “მტერს პასუხს აუცილებლად გავცემთ. ხელშესახებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები