“პურის ფასის მიმართ გამოწვევები არ არის, ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში გამოწვევა არ იარსებებს” – ლევან სილაგავა ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს
” პურის ფასის მიმართ გამოწვევები არ არის, ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში ეს გამოწვევა არ იარსებებს“, – ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სილაგავამ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
“როგორც მოგეხსენებათ, 12 ივნისიდან 5- თვიანი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. შემოღებული იქნა ე.წ. გამათანაბრებელი მოსაკრებელი. მანამდე, საქართველოს ბაზარზე ფქვილის აგრესიული იმპორტის პრობლემა იყო. შესაბამისად, წისქვილების გაჩერება მოხდა, ხორბლის ადგილობრივი მოსავლის ჩაბარებას პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხორბლის და ფქვილის გადასახადები გარკვეულწილად გათანაბრებულიყო.
გადაწყვეტილების თანახმად, პასუხისმგებლობას წისქვილკომბინატები შემდეგთან დაკავშირებით იღებდნენ:
პირველი: საქართველოს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არ უნდა ყოფილიყო შესაბამის ზღვრულ ფასზე მაღალი, რაც ბაზარზე პურზე ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა.
მეორე: საქართველოს წისქვილების მიერ საქართველოს ფერმერებისაგან როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის სასურსათო ხორბლის მაქსიმალური რაოდენობის შესყიდვა უნდა მომხდარიყო (გამომდინარე აღნიშნული ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან. საბაზისოდ მესამე კლასის ხორბლის პარამეტრები ითვლება.)
რაც შეეხება აღნიშნულის მიმდინარეობას: პირველი ამოცანა, ფაქტობრივად, წარმატებით მიმდინარეობს. პურის ფასზე არავითარი ცვლილებები არ ხდება. მიზნობრივი ფასი პურის მწარმოებლების და წისქვილკომბინატების ურთიერთშეთანხმებითაა განსაზღვრული.
მიზნობრივი ფასია დასახელებული – 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 52 ლარი . ეს დღეს სრულდება. ბაზარზე ამაზე ნაკლები ფასია. შესაბამისად, პურის ფასის მიმართ გამოწვევები არ არის. ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში ეს გამოწვევა არ იარსებებს. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა პირნათლადაა შესრულებული”, – განაცხადა სილაგავამ.
მანვე განმარტა, როგორია მდგომარეობა ქართული ხორბლის მოსავლის მხრივ.
“რაც შეეხება ხორბლის მოსავლის მიღებას ადგილობრივი ფერმერებისგან. იყო ძველი მოსავალი, რომელიც ჯერ კიდევ წინა წლიდან შესანახ მეურნეობებში იყო განთავსებული. ერთ ამოცანას ამ მეურნეობის გათავისუფლება წარმოადგენდა. მეორე ამოცანა ახალი მოსავლის მიღება იყო. ძველი მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში წისქვილკომბინატების მიერ სასურსათო ხორბლის მაქსიმალური რაოდენობა მიღებულია.
ახლა ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. შემიძლია, ვთქვა, რომ ინტენსიურმა წვიმებმა მოსავალს გარკვეული დაღი დაასვა. გარკვეულ რაოდენობას ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუფუჭდა და არასაურსათო ხორბალში გადავიდა. ფერმერებს ეს გამოწვევა რჩებათ. რაც შეეხება სასურსათოს, ანუ ჩვენთვის მოსახმარ ხორბალს, ამ თვის განმავლობაში, საუბარია წინა თვის მთლიან ჭრილზე, მიღებული დაახლოებით 13 -14 000 ტონა ხორბალი გვაქვს, რაც წლების განმავლობაში არსებულ საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება. ხორბლის მოსავლის აღება გარკვეულად აქტიურ ფაზაში შედის, არამარტო კახეთის რეგიონში, დაახლოებით 1 კვირაში ქვემო და შიდა ქართლშიც იწყება. თუ ამინდმა გარკვეული სიურპრიზები არ შემოგვთავაზა, მოსავალს საკმაოდ კარგი პირობები უჩანს. შესაბამისად, მინდა, ვთქვა, რომ წისქვილები სასურსათო ხორბლის მოსავალს მთლიანად მივიღებთ, რა თქმა უნდა , ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე ამ პროგრამას პრობლემები არ ემუქრება.
წისქვილების სეგმენტი არ არის არასასურსათო, ანუ საფურაჟე ხორბალი, რომელიც, ვიცით, რომ ფერმერებთან პრობლემური საკითხია, გამოწვევაა. ვიცი, რომ ფერმერთა გაერთიანებები სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან და გარკვეული გადაწყვეტილებების მოლოდინზეა საუბარი.
რაც შეეხება ფასის თემას : ჩვენთან ფასები იმპორტირებული ხორბლის მესამე კლასის საბაზისო ფასთან მიმართებაში ფორმირდება. უახლოეს პერიოდში ეს ფასი 1 კილოგრამზე 65 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ანუ ტონაზე 650 ლარი იყო. შესაბამისად, წისქვილკომბინატების სწორება ამაზე ხდება. ქართული მოსავლის ჩაბარება იგივე ფარგლებში ხდება. გარკვეული ხარისხობრივი მაჩვენებლები თუ შესაბამისობაში არაა, ფასის ცვლილებაც ხდება”, – განაცხადა სილაგავამ.