220 ათასამდე დაღუპული ან დაჭრილი სამხედრო – ბრიტანეთში, უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგი დათვალეს
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსული არმიის დანაკარგები, დაახლოებით 220 ათას მოკლულს ან დაჭრილს წარმოადგენს.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.
“ჩვენი შეფასებით, კონფლიქტის დაწყებიდან, დაახლოებით 220 000 რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა“, – განაცხადა ჰიპიმ.
მისივე თქმით, რუსულმა არმიამ ტექნიკის 6200 ერთეულზე მეტი დაკარგა.
კერძოდ, ეს არის, თითქმის 2 050 ძირითადი საბრძოლო ტანკი; 80 თვითმფრინავი; 95 ვერტმფრენი; 250 დრონი; 12 ყველა კლასის საზღვაო ხომალდი და 1000-ზე მეტი ყველა ტიპის საარტილერიო სისტემა.
„2023 წლის თებერვლის ბოლოდან დაღუპული და დაჭრილი “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლების კონკრეტული რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ჯგუფი დანაკარგს მაისის ბოლოში პოპასნაიასა და ბახმუტიდან ძალების გამოყვანამდე განიცდიდა”,- თქვა მან.