შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჭრობის ხელშეწყობის ფორუმის ფარგლებში, ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

5 ივლისს, სასტუმრო ,,ჰილტონ გარდენ ინნ-ში”, ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, გაიმართა – „ვაჭრობის ხელშეწყობის ვორქშოპი ბიზნესისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის წარმოშობის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ჯონ ბრაეკეველდტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

,,იმედი მაქვს, რომ ევროპის ბიზნესასოციაცია, USAID-ის მხარდაჭერით, ჩვენთან ერთად, მომავალშიც გააგრძელებს ქმედითი წვლილი შეიტანოს ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მუშაობაში. აუცილებელია წარმოშობის წესების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების შეძენის ხელშეწყობა, ვინაიდან შეღავათიანი წარმოშობის წესები საშუალება აძლევს მეწარმეებს გამოიყენონ უფრო მეტი ადგილობრივი და თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორი ქვეყნის მასალები და ნედლეული, წარმოების პროცესის ნაირსახეობები და მექანიზმები იმ პროდუქციის წარმოების პროცესში, რომელიც შემდგომ ისარგებლებს სატარიფო შეღავათებით თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ სახელმწიფოში”,- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები