დავით ქართველიშვილი: საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამით ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაიმეორა თეთრი სახლის პოზიციის გამხმოვანებელი გამოცემა Politico-ს ორი თვის წინანდელი განცხადება, რომ ევროკავშირის გეოგრაფიული გაფართოებისას საქართველო არ იგულისხმება.

„ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. ამით ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაიმეორა თეთრი სახლის პოზიციის გამხმოვანებელი გამოცემა Politico-ს ორი თვის წინანდელი განცხადება, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირი ოფიციალურად განაცხადებს, თუ სად დასრულდება გეოგრაფიულად ევროკავშირის გაფართოება – და ამ განცხადებაში საქართველო ასევე აღარ იქნება ნახსენები.

ბოლოს და ბოლოს, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, ვინ მიიღოს და ვინ – არა საკუთარ ოჯახში. საქართველოს მიმართ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, პირადად ჩემი საინტეგრაციო სიმპათიები ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელმაც ბოლო წლებში „დიდი შვიდეულის“ ეკონომიკა ჩამოტოვა ზურგს უკან. ორგანიზაცია BRICS შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, ექვსი – წევრობის კანდიდატისა და კანდიდატის წევრობის 33 მაძიებელი ქვეყნისაგან, სადაც არიან NATO-ს და EU-ს წევრებიც.

ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილზე, კანდიდატის სტატუსის მაძიებლობაზე განაცხადის შეტანას თუ მოვესწარი – დარწმუნებული ვარ, გარდა საერთაშორისო ეკონომიკური „ბენეფიტებისა“, რამხელა ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოვა ქვეყანა, რომელსაც 33 წელი სჯიან იმისთვის, რომ საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები