სტარტაპიდეიდან – ბიზნესამდე: ComCom-ის მედიალაბმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე დისკუსია გამართა
ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე, რომელიც საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, ასევე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება, კომუნიკაციების კომისიამ რიგით მესამე შეხვედრა გამართა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ თემად კი, მედიალაბის საქმიანობა და სტარტაპის ბიზნესამდე ჩამოყალიბების ეტაპები წარმოადგინა. ფორუმი საქართველოში ციფრული შესაძლებლობების ათვისებასა და განვითარებას ემსახურება.
სესია ComCom-ის მედიალაბის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩაჩანიძემ, მედიალაბის საქმიანობის წარდგენით დაიწყო, სადაც ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიალაბი მუშაობს როგორც სტარტაპების აქსელერაციის მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტარტაპეკოსისტემის განვითარებაში. მოგვიანებით, რუსუდან ჩაჩანიძე პანელურ დისკუსიას გაუძღვა, სადაც, მასთან ერთად, ტექნოლოგიური მიმართულების ანტერპრენერი, დავით ჩეჩელაშვილი, Data Analysis Laboratory-ის ბიზნესის განვითარების აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჩაკვეტაძე, StoriAI-ის თანადამფუძნებელი, სანდრო ოქროპირიძე, ასევე, ილიაუნის ტექ. მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ მღებრიშვილი და ინვესტორი გიორგი არველაძე მონაწილეობდნენ. დისკუსია სტარტაპ იდეის რეალურ ბიზნესამდე ჩამოყალიბების ეტაპებს მიეძღვნა, რომლის განმავლობაშიც, სტარტაპერებს ეკოსისტემის სხვადასხვა დამხმარე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი სერვისებით სარგებლობა უწევთ. ასეთ ორგანიზაციებს კი, საუნივერსიტეტო ლაბები, აქსელერატორები, ასევე, ინკუბატორები და დაფინანსების მოპოვების წყაროები წარმოადგენენ. სწორედ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, რომლებმაც სტარტაპის წარმატების გზაზე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე, სირთულეებზე და გაუმჯობესების პერსპექტივებზე ერთობლივად იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ მედიალაბი ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპერებისთვის შექმნილი სივრცეა, რომელიც სტარტაპების და სტარტაპიდეების მხარდაჭერის მიზნით, უკვე მეხუთე წელია მუშაობს და ამ მიმართულებით, მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.