დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება სურთ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებისა და ე.წ. პოლიტიკისადმი უნდობლობის შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარება სურთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიააირა“ გამოვიდა.

საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს, რეფერენდუმზე კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები გამოაქვთ“.

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოსვლა აფხაზეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფში მინიმუმ 25 ადამიანი უნდა შედიოდეს, რეფერენდუმის მოთხოვნით კი, მინიმუმ, 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები