“ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ თბილისის ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 25 024 600 ლარის აღების საკითხზე თანხმობის მიცემამდე საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მისი სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა. როგორც ფრაქციის განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია ამ საკითხის ნაჩქარევად, ერთ დღეში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანას მხარს არ დაუჭერს.
„ფრაქციის “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” წევრებს კარგად გვესმის საკითხის მნიშვნელობა. ისიც გვესმის, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა თბილისის ახლად არჩეულ მერს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობის მიცემამდე საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მისი სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა. ფრაქცია თვლის, რომ დაუშვებელია როგორც კონკრეტულად ამ საკითხის, ასევე, ზოგადად, მსგავსი მნიშვნელობის თემების ასე ნაჩქარევად, ერთ დღეში (დღეს იმართება როგორც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ისე ბიუროსა და საკრებულოს სხდომები) განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ასეთ საკითხებზე თბილისის საკრებულომ, პოლიტიკურმა ფრაქციებმა საფუძვლიანად უნდა იმსჯელონ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების (რასაც სისტემატიური ხასიათი ქონდა წარსულში) შედეგია არა მხოლოდ თბილისის დეფიციტური ბიუჯეტი, არამედ დედაქალაქში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები. ფრაქციამ თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა საკითხი ადეკვატურ ვადებში განხილულიყო და არ შესულიყო დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში. ხაზი გაესვა იმასაც, რომ მსგავსი პრაქტიკა აკნინებს საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, როლსა და ფუნქციას. სამწუხაროდ, ფრაქციის თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” ვერ დაუჭერს მხარს საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანას და, შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას 2 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაში“, – აცხადებენ ფრაქციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები